ჩოგბურთი

2:35 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ჩოგბურთელი რუსი და ბელარუსი მეტოქებისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებს

უკრაინის მეორე ჩოგანი მარტა კოსტიუკი ამბობს, რომ არ აპირებს, ხელი ჩამოართვას მეტოქე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს, რადგან მის ქვეყანას რუსეთი დაუნდობლად ბომბავს, ბელარუსი კი ამ სისასტიკეში ხელს უწყობს. ის თვლის, რომ ამ ქვეყნის სპორტსმენები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ მათი ქვეყნების ლიდერთა თავზეხელაღებულ ქმედებებს.

20 წლის კიეველმა გასულ სეზონში იმით მიიქცია ყურადღება, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან წაგების შემდეგ, ბადესთან არ მივიდა და მას ხელი არ ჩამოართვა.

კოსტიუკმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა დაამარცხა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებს.

„ომზე ჩემი შეხედულება უცვლელად დარჩა. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ომი არ სურთ, ისე გამოდის, რომ ომი ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა, ომი არც ჩვენ გვსურს“, - ამბობს კოსტიუკი.

დიდი სლემის ერთადერთი ტურნირი, რომელმაც სათამაშოდ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არ დაუშვა, უიმბლდონია. ამისთვის, ტურნირი მამაკაცთა ტურმა 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

მელბურნში რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები დაშვებულნი არიან, ოღონდ მათი დროშების გარეშე.

„ვინც ომზე თავის შეხედულებას დაუფარავად გამოთქვამს, მათ თამაშის უფლება უნდა მიეცეთ. მაგრამ ვინც ასე არ იქცევა... არ მგონია, ეს ჰუმანური საქციელი იყოს. მე მათ ძლივს ვესალმები“, - დასძენს კოსტიუკი, ვისი ოჯახის ნაწილიც კიევში რჩება.

0.113997