ფეხბურთი

1:09 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

აარონ რამსდეილს "ტოტენჰემის" ფანმა წიხლი ჩაარტყა (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლიდერმა „არსენალმა“ მთავარი მოძულე მეტოქე, „ტოტენჰემი“ მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა და პირველი ადგილი განიმტკიცა. თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა, რაზეც ინგლისში ალბათ დიდხანს ისაუბრებენ და ზომებსაც მიიღებენ.

„არსენალის“ მეკარე აარონ რამსდეილს საფინალო სასტვენის შემდეგ რიშარლისონი ეკამათებოდა. შემდეგ ინგლისელი კარის დარაჯი ტრიბუნებთან თავისი ნივთის ასაღებად მივიდა, როდესაც ტრიბუნიდან „ტოტენჰემის“ ერთ-ერთმა ფანმა მას ზურგში წიხლი ჩაარტყა.

სიტუაცია მალევე განიმუხტა, მაგრამ ფაქტი ძალიან უსიამოვნო იყო და „ტოტენჰემის“ გულშემატკივარს ალბათ მკაცრი სასჯელი ელოდება. ფეხბურთის ასოციაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გამოაქვეყნა.

„მკაცრად ვგმობთ ინციდენტს, რომელიც „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ დღევანდელ მატჩში გულშემატკივარს ეხება. ეს სრულიად მიუღებელი საქციელია და ჩვენ ვიმუშავებთ პოლიციასთან, კლუბებსა და შესაბამის ორგანოებთან, რათა შესაბამისი კონტრზომების გატარება უზრუნველყოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო, ხოლო რამსდეილმა 7 დარტყმა მოიგერია და შესანიშნავად ითამაშა.

0.061555