იტალიური სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისთან“ 1:5 წაგებული მატჩის შემდეგ, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა არ მალავს მთავარი მწვრთნელით, მასიმილიანო ალეგრით უკმაყოფილებას, თუმცა მის დათხოვნაზე საუბარი ჯერ არ არის - გვამცნობს Football Italia.
მართალია, ამ მარცხში ალეგრის ლომის წილი მიუძღვის, მაგრამ მანამდე „ბებერმა ქალბატონმა“ ზედიზედ რვა მატჩი მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია მწვრთნელის კონტრაქტიც, რომელიც 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი და საკმაოდ ძვირადღირებულია. ალეგრი წელიწადში ჯამაგირად 7,5 მილიონ ევროს იღებს. ამიტომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში, კლუბს გვარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
ზაფხულამდე ალეგრი სავარაუდოდ მუშაობას გააგრძელებს, მერე კი ტურინელებს უკვე ჰყავთ შეგულებული ორი კანდიდატურა: მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი და „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ანტონიო კონტე.