ფეხბურთი

16:18 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარა და ოსიმენი სკუდეტოს მოგებით ნეაპოლში სამუდამო აღიარებას მოიპოვებენ"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბრუნო ჯორდანომ „ნაპოლის“, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ისინი ლუჩანო სპალეტის გუნდის მთავარი ლიდერები არიან და შანსი აქვთ, რომ ნეაპოლში სამუდამო აღიარება მოიპოვონ. ამისთვის კი, სკუდეტოს მოგება იქნება საჭირო.

ჯორდანო ასევე ფიქრობს, რომ კვარაცხელიას მოედანზე სრული თავისუფლება უნდა მიენიჭოს და სპალეტიმ ზედმეტი დავალებები არ უნდა მისცეს.

„ნეაპოლში დიეგო გვყავდა და მას ვერაფერი შეედრება. თუმცა, ყველა გამარჯვებას ცნობადი სახეები სჭირდება და ვინც გოლებს გაიტანს, ამაში უპირატესობა აქვს. მჯერა, რომ ოსიმენი და კვარა გულშემატკივართა წარმოსახვაში ამ „ნაპოლის“ მთავარი ფიგურები არიან. ისინი ფენომენალური ფეხბურთელები არიან, იციან, ერთმანეთი როგორ დამუხტონ, მაგრამ პირველ რიგში გუნდურ მუშაობას აძლიერებენ. სპალეტი ყველაფერს მშვენივრად მართავს, ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს გუნდები ფანების გულებში სწრაფად შევიდა. ფეხბურთელებს აქვთ შიმშილის გრძნობა და სიამოვნებისთვის თამაშობენ. სკუდეტომდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ „ნაპოლი“ ტიტულის მოსაგებად სწორ გზაზეა.

კვარაცხელიამ მთელი თავისი ნიჭი გუნდის სამსახურში უნდა ჩადოს, რადგან შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადამწყვეტი მოქმედების გაკეთება. ჩემი აზრით, მას ბევრი დავალება არ უნდა მიეცეს, თავისუფლად უნდა იყოს მოედანზე, შექმნას განსხვავებული რაღაც და გუნდს თავისებურად დაეხმაროს.

კვარაცხელიამ და ოსიმენმა უნდა გააცნობიერონ, რომ ნეაპოლში გამარჯვება უნიკალური და განსაკუთრებულია, სიცოცხლის ბოლომდე ნეაპოლელები მათი მადლიერები იქნებიან, ნეაპოლში გამარჯვება სამუდამო აღიარებას ნიშნავს, რადგან ნეაპოლელებივით სიყვარული არავინ იცის. ეს ჩემს თავზე განვიცადე და დღესაც, როცა ქალაქში ვბრუნდები, ისეთივე სიყვარულს ვგრძნობ, როგორც სკუდეტოს მოგების დროს. ქალაქი და გუნდი იმსახურებს კიდევ ერთი ასეთი სიხარულის განცდას“, - თქვა ჯორდანომ.

აქვე გეტყვით, რომ ბრუნო ჯორდანო „ნაპოლიში“ 1985-1988 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში პირველი სკუდეტო 1987 წელს მანაც მოიგო.

0.114447