კლაუდიო რანიერიმ გასული წლის მიწურულს „კალიარი“ ჩაიბარა, მაგრამ მას შემდეგ სარდინიულმა გუნდმა პირველი თამაში ახლახან ჩაატარა და „კომოს“ 2:0 მოუგო.
„სარდინია არენაზე“ სრული ანშლაგი იყო და რანიერის ოვაციებით დახვდნენ. 71 წლის სპეციალისტი „კალიარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 31 წლის შემდეგ დაბრუნდა და ფანები მას ძალიან აფასებენ.
რანიერიმ ემოციები ვერ შეიკავა და სტადიონზე შესვლისა და ოვაციების მიღების შემდეგ იტირა...
ფეხბურთელებმა კლაუდიოს საჩუქარი გაუკეთეს და მისი დაბრუნება წარმატებული გამოდგა, რადგან „კალიარიმ“ 2:0 მოიგო. რანიერის გუნდი სერია B-ში 28 ქულით მეექვსე ადგილზეა. სხვათა შორის, რანიერის „კალიარის“ მწვრთნელის რანგში ბოლო გამარჯვება 1991 წლის 19 მაისს ჰქონდა მოპოვებული. მას მერე 11 563 დღე გავიდა...