წლევანდელი დაკარი სებასტიან ლოებისაა. მან ზედიზედ მეექვსე ეტაპი მოიგო და ამ რბოლის რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა, ამის მიუხედავად, მრათონული რბოლის მოგების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. გამარჯვებას ხვალ ალბათ კატარელი ნასერ ალ-ატია იზეიმებს, ვინც ლიდერობა ადრეულ ფაზაშივე იგდო ხელთ და ბოლო ეტაპის წინ, სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს.
„შესანიშნავია, თუნდაც ამ რეკორდის გაუმჯობესება, ჩემი მიზანი არ იყო. ძალიან მინდოდა, ჩემი მეორე პოზიცია გამემტკიცებინა. ჩემპიონატის ქულებიც მნიშვნელოვანია. ამიტომ, თავი არ დამიზოგავს. მხედველობა შეზღუდული იყო, რაც დიუნებზე გადახტომას ართულებდა. ქვიშაში რბოლისას ძლიერი ვარ, კარგ ტემპს ვავითარებ. თავდაჯერებული ვარ. როდსაც დიუნაზე გაკვალულ ადგილს ვხედავ, აგრესიულად გავლა შემიძლია“, - ყვება ლოები (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი).
ფრანგმა პილოტმა, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონი ცხრაჯერ გახდა, ფინელი არი ვატანენის 1989 წლის რეკორდი - დაკარზე ზედიზედ ხუთ ეტაპზე გამარჯვება, გააუმჯობესა. ამასთან, კარლოს საინსის (2011 წელი) შემდეგ, ლოები პირველია, ვინც დაკარის ერთი რეიდის დროს, შვიდი ეტაპის მოგება შეძლო.
რაც შეეხება ჩემპიონატის ქულებს, რომლებიც ლოებმა ახსენა, ლაპარაკია რალი-რეიდების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ხუთ ეტაპად ტარდება. მისი წესებით, ყოველი ეტაპის მოგებისთვის, ეკიპაჟს ხუთ ქულა ეწერება. გარდა ამისა, ჩემპიონატის ჩათვლაში ის ქულებიც იწერება, რომლებსაც ეკიპაჟი რეიდის ფინიშზე დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებს.
ალ-ატიამ (ტოიოტა) მე-13 ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ბოლო ეტაპის წინ, მეორეზე მყოფ ლოებს საათზე მეტს უგებს.
„მეორე ადგილი დღეს კარგი შედეგი იყო. მისთვის ჩვენ ქულებს მივიღებთ, რომლებიც ჩემპიონატში სებთან პაექრობისას გამოგვადგება. მან ხომ ეტაპების მოგებით, ბევრი ქულა დააგროვა“, - ყვება კატარელი.