NBA-ში მორიგი მატჩი გამართა ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც „მაიამი ჰითის“ წინააღმდეგ 7 წუთი ითამაშა და 5 ქულა ჩააგდო.
პირველად სანდრო მოედანზე მეორე პერიოდის საწყის წუთებზე გამოჩნდა, თუმცა დაახლოებით 3 წუთში მან თავი ვერაფრით გამოიჩინა, ერთხელ კი ხელსაყრელ სიტუაციაში ბურთი ხელიდან გაუვარდა და ისევ სათადარიგოთა სკამზე გადასვეს.
ბევრად უფრო პროდუქტიული იყო მამუკელაშვილის მეორე გამოჩენა პარკეტზე. ქართველმა 1 სამქულიანი და 1 ორქულიანი გამოიყენა და მატჩი 5 ქულით დაასრულა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა „მაიამი ჰითი“ და საბოლოოდ, მატჩი მათი გამარჯვებით, 111:95 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც 21 ქულა პირველ ტაიმში ჩააგდო. მეორე ტაიმი ისეთი კარგი ვერ ჰქონდა „ჰითის“ უკანახაზელს, თუმცა საბოლოოდ მატჩი 27 ქულით, 3 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ორმაგი დუბლი შეასრულა ბემ ადებაიომ - 20 ქულა, 13 მოხსნა.
„ბაქსის“ შემადგენლობაში იანის ანტეტოკუნმპოს არ ყოფნაში რამდენიმე მოთამაშემ დაახლოებით თანაბარი დონის მატჩი ჩაატარა. ქულების მხრივ საუკეთესო ბობი პორტისი იყო, რომელმაც მატჩი 15 ქულით დააასრულა.
დღევანდელი მარცხის შემდეგ, „მილუოკი ბაქსს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა და მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 იანვარს, „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და იმედია, ქართულ დაპირისპირებასაც ვიხილავთ.