ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და თან, როგორ დაბრუნდა! ალბათ, ეს იყო კვარას კარიერის მატჩი - გოლი და 2 საგოლე პასი ტურინის „იუვენტუსთან“!
„ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა და ამაში მთავარი წვლილი ხვიჩას მიუძღვის, რომელმაც უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა და „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა.
ალბათ, ახლა ტურინში კიდევ უფრო ნანობენ, რომ 2021 წლის ზაფხულში, როცა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს იყვნენ, გარიგება ბოლომდე არ მიიყვანეს. ქართველმა ფეხბურთელმა „სტადიო მარადონაზე“ ნამდვილი შოუ დადგა და მის ამ წარმოდგენაზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ.
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა და მართალია ოქმში კვარა არ ფიგურირებს, მაგრამ გოლი მთლიანად მისი დამსახურებაა. ჯერ შეტევა დაიწყო და მერე ეფექტურ ბრუნში დაარტყა, ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვიქტორ ოსიმენი პირველი იყო და ნეაპოლელები დააწინაურა.
ტაიმის ბოლოს კი ხვიჩამაც გაიტანა. ამჯერად, ოსიმენი ასისტმენი იყო, რომელმაც ბრემერის შეცდომით ისარგებლა და კვარაცხელია კარგ პოზიციაზე დატოვა, მანამც ერთი შეხებით შჩესნის აჯობა და სეზონში მე-9 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე). „იუვენტუსმა“ 3 წუთში ანხელ დი მარიას გოლით შეამცირა სხვაობა და მალევე გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ამირ რაჰმანი ავტოგოლისგან ალექს მერეტმა იხსნა.
მეორე ტაიმი კი „ნაპოლიმ“ იდეალურად ჩაატარა და 55-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. საგოლე პასი კვარაცხელიასი იყო, რომელმაც კუთხური ჩააწოდა და ამირ რაჰმანიმ გაიტანა. 10 წუთში კვარამ მეორე საგოლე პასი გააკეთა, ამჯერად ძალიან ეფექტური - რბილი და ძალიან გამოზომილი გადაცემა, ოსიმენს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია. ტურინელთა რბევა ელიფ ელმასმა დაასრულა და 5:1.
„იუვენტუსს“ ამ მატჩამდე ზედიზედ 8 მოგება ჰქონდა და 8-ჯერ მშრალად შენახული კარი, ხოლო მთლიანად სეზონში სერია A-ში მხოლოდ 7 გოლი გაეშვა, მაგრამ „მარადონაზე“ ერთბაშად 5 გოლი გაუშვა და განადგურდა.
„ნაპოლიმ“ 47 ქულა დააგროვა და „იუვენტუსთან“ უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკუდეტოსკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. ეს გამარჯვება ლუჩანო სპალეტის გუნდს განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით უნდა წააგდეს და მათი შეჩერება ურთულესი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 5:1 (2:1)
ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (ნდომბელე 79); პოლიტანო (ელმასი 46), ოსიმენი (რასპადორი 79), კვარაცხელია (ლოსანო 89)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
„იუვენტუსი“ (3-5-1-1): შჩესნი; დანილო, ბრემერი, ალექს სანდრო; კიეზა (ილინგ-ჟუნიორი), მაკკენი, ლოკატელი (პარედესი 56), რაბიო (სულე 83), კოსტიჩი; დი მარია (მირეტი 73); მილიკი (კინი 56)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), 2:1 დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)
გაფრთხილება: დანილო (44)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 11 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: დანიელე დოვერი