„ვალენსია“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. თუმცა, ჯენარო გატუზოს გუნდი პენალტებამდე რომ მივიდა, გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა.
„სამეფო კლუბი“ 39-ე წუთზე კარიმ ბენზემამ დააწინაურა, რომელმაც გიორგის კარი პენალტით დალაშქრა, ხოლო მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სამუელ ლინომ ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.
არადა, „რეალს“ ბევრჯერ შეეძლო გატანა: მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მამარდაშვილმა მასთან პირისპირ დარჩენილ ვინისიუსს არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ფედერიკო ვალვერდეს შორეული დარტყმაც მოიგერია და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დასაწყისში ქართველი მეკარე ისევ შეუდარებელი იყო. გიორგიმ ჯერ ვინისიუსის და მერე ტონი კროოსის ურთულესი დარტყმები მოიგერია და „ღამურები“ პენალტების სერიამდე მიიყვანა.
აი, საფეხბურთო ლატარიაში გიორგის 4 პენალტი დაურტყეს და ყველა გაუშვა - მან ბენზემას, კროოსისა და ასენსიოს დარტყმების მიმართულება ვერ გამოიცნო, სამაგიეროდ ძალიან ახლოს იყო ლუკა მოდრიჩისთვის ეჯობნა, ბურთს ხელიც შეახო, მაგრამ მაინც ვერ მოიგერია. საპასუხოდ, ვალენსიელებმა 5-დან 3 პენალტი გაიტანეს. კომერტმა კარს ააცილა, ხოლო ხოსე ლუის გაიას ტიბო კურტუამ აჯობა და „რეალი“ ფინალში გავიდა, სადაც 15 იანვარს, „ბარსელონას“ ან „ბეტისს“ შეხვდება.
მამარდაშვილმა თამაში 5 მოგერიებით დაასრულა და სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ მისი გარჯა 7.7 ქულით შეაფასა. „ვალენსია“ მომდევნო მატჩს 18 იანვარს, ესპანეთის თასზე ხიხონის „სპორტინგთან“ ჩაატარებს.