დეკემბრის შუაში მიღებული მხრის დაზიანების შემდეგ, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ვარსკვლავი, სტეფ კარი მოედანს დაუბრუნდა და პირველ შეხვედრაში თავი 24 ქულით გამოიჩინა.
სუპერვარსკვლავმა პარკეტზე 31:16 წუთი გაატარა, 22-დან 8 ბურთი ჩააგდო (5/15 სამქულიანი), 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა.
მისი გუნდი ლიდერების გარეშე მყოფ „ფინიქს სანსს“ ეთამაშებოდა, თუმცა შეხვედრა მაინც წააგო - 113:125
კარის თანაგუნდელებიდან საუკეთესო 29 ქულით კლეი ტომპსონი იყო. 27 ქულა ჰქონდა ჯორდან პულს. რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, ბუკერის, აიტონის და პოლის არ ყოფნაში ლიდერობა თავის თავზე მიკალ ბრიჯისმა იტვირთა, რომელმაც 40:35 წუთში 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ფინიქს სანსი“ 21 მოგებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მათზე ორი საფეხურით ქვემოთაა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, რომელსაც 20 მოგება და 21 წაგება აქვს.
მომდევნო მატჩს არიზონელები 12 იანვარს „დენვერ ნაგეთსის“, ოქროს შტატელები კი 14 იანვარს, „სან ანტონიო სპერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ სტეფ კარის 15 დეკემბრის შემდეგ მხრის ტრავმის გამო არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.