შვეიცარიის ადელბოდენში მამაკაც სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელიც შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიგო. ეს ამ სახეობაში, ამ სეზონში მის მიერ მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა.
ოდერმატმა თითქმის წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენს და შეჯიბრის საცქერლად მისული 35 000 მაყურებელი აღაფრთოვანა. მესამე ადგილზე შვეიცარიელი ლოიკ მეიიარი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 1.66 წამით ჩამორჩა.
„საოცრად გიჟური რბოლა იყო და ბევრი სიამოვნება მივიღე. სტარტზევე გადავწყვიტე, შემეტია, რადგან ჰენრიკს სხვანაირად ვერ დაამარცხებ. როგორც ყოველთვის, შემტევი სტილი ავირჩიე. ორ-სამჯე ზღვარზე ვიყავი. მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. თუ ვერ გარისკავ, ვერც მოიგებ“, - განაცხადა ოდერმატმა, ვინც გიგანტურ სლალომში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის ლიდერია.
25 წლის ოდერმატს მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში 1046 ქულა დაუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს. მას 400 ქულით ჩამორჩება ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე.
ადელბოდენშივე კვირას სლალომის რბოლა ჩატარდება.