ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადელაიდას ტურნირის ნახევარფინალში, დანიილ მედვედევთან შეხვედრის დროს, მუხლესქვედა მყესის ტრავმა მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, მეტოქე 6-3, 6-4 დაამარცხა და ფინალში ამერიკელ სებასტიან კორდასთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.
მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგნის შეხვედრის დასაწყისშივე, ჯოკოვიჩმა შეძლო დაწინაურება. ეს მეექვსე გეიმში მოხდა, როდესაც მან ბრეიკს მიაღწია და 4-2 დაწინაურდა.
მეშვიდე გეიმში სერბს პრობლემა შეექმნა - ბურთის მოგერიებისას, მარცხენა ფეხზე მუხლქვეშა მყესი დაეჭიმა. ამის მიუხედავად, ის გათამაშება ქულის აღებით დაასრულა და ამის შემდეგ მოითხოვა დამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, პირველი სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეორე სეტის დასაწყისი თანაბარი იყო. ჯოკოვიჩმა 3-3-ზე მოიმატა და მეტოქეს მოწოდებაზე გეიმი დაათმობინა. მედვედევმა ბრეიკ პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ჯოკოვიჩს დაწინაურების საშუალება მისცა. მომდევნო გეიმში უკვე რუსს ჰქონდა ბრეიკ პოინტი, რომელიც ჯოკოვიჩმა მეორე მოწოდებაზე, 200 კმ/სთ-იანი მოწოდებით გაქვითა და ამის შემდგ, მეტოქისთვის შანსი აღარ მიუცია.
„ბედად, ტრავმა სერიოზული არაა. ასე რომ ყოფილიყო, თამაშს ვერ გავაგრძელებდი. ანთების საწინააღმდეგო საშუალება მივიღე და დავბრუნდი. ამის შემდეგ, ჩემი მიზანი ის იყო, რომ მისთვის ბრეიკის შანსი არ მიმეცა. ეს მნიშვნელოვანი იყო. თამაშის მსვლელობისას, ნატკენი მყესი გახურდა და ნაკლებად მაწუხებდა. იმედი მაქვს, ხვალ თავს აღარ შემახსენებს“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.