მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმაა, რომელიც მან ვარჯიშის დროს მიიღო.
„სეზონის წინ საუკეთესო ფორმაში ვიყავი. მაგრამ ვარჯიშის დროს, არასწორი მოძრაობა შევასრულე და კუნთი დამეჭიმა. მარჯვენა ფეხის ნახევრად მემბრანული კუნთი დამიზიანდა. ავსტრალიისთვის დიდი მონდომებით ვვარჯიშობდი. მაგრამ სამწუხაროდ, იქ თამაშს ვერ შევძლებ. იმედი მაქვს, ტურნირზე 2024 წელს გამოვალ“, - განაცხადა 19 წლის ალკარასმა, ვინც გასულ სეზონში აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა.
ალკარასმა გასული სეზონის ბოლოს, მუცლის პრესის ტრავმის გამო, ATP-ს ფინალში და დევისის თასზე ვერ ითამაშა. მან ეს ტრავმა პარიზის მასტერსზე თამაშის დროს მიიღო და მის გამო, სეზონი ნაადრევად დაასრულა.