ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
იტალიური გუნდი ესპანეთში აუტსაიდერის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ კატალონიურ გრანდს აჯობა და საბოლოოდ, 83:75 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში 20 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 5 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო იფე ლუნდბერგი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, ხოლო მილოშ ტეოდოშიჩმა 8 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
„ვირტუს ბოლონია“ 17 ტურის შემდეგ 8 მოგებით და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.