ფეხბურთი

18:11 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "სანიოლი ძალიან დამეხმარა, კვარაცხელიას თამაში ჩემთვის დიდი სტიმულია"

„ბორდოს“ ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის თასზე „რენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „სოშოსთან“ ბოლო თამაში, რომელშიც გოლი გაიტანა, მის რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს და უკეთ თამაშიც შეუძლია.

„გუნდს ძალიან კარგად მოვერგე, ფეხბურთელები დამეხმარნენ და შემიძლია გუნდს დავეხმარო ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებაში. ლიგა 2-ს არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, რა მელოდა, როცა აქ მოვხვდი, თუმცა, რუსეთის ჩემპიონატთან შედარებით დონეში განსხვავებას ვერ ვხედავ. „სოშოსთან“ ჩემი თამაში არ ასახავს ჩემს რეალურ დონეს და ვფიქრობ, ფეხბურთელმა საკუთარი თამაში მატჩიდან მატჩამდე უნდა გააუმჯობესოს.

უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშო, განსაკუთრებით მოედნის ბოლო 30 მეტრში. ვფიქრობ, რომ მწვრთნელი კარგ რჩევებს მაძლევს და უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო. „რენთან“ მატჩი? პირადად მე ვუყურე „რენის“ სხვა თამაშებს და ეს გუნდი სისწრაფითა და ტექნიკით გამოირჩევა. თუმცა, მჯერა, რომ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ვილი სანიოლი ძალიან დამეხმარა. ფსიქოლოგიური რჩევები მომცა, რაც უკეთესი ინტეგრაციისთვის გამომადგებოდა. ტელეფონით გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ პირადად ბორდოში არ შევხვედრივარ.

თანაგუნდელებთან ინგლისურ ენაზე ვკონტაქტობ, ფრანგულს კი ვსწავლობ. ფრანგულ ცხოვრებას საკმაოდ სწრაფად ვეგუები. კვარაცხელია? მისი თამაში მოტივაციას მაძლევს, ის უმაღლეს დონეზე თამაშობს და ასე თამაში ყველას ოცნებაა“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, „ბორდოსა“ და „რენის“ მატჩი 7 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.116867