ავტოსპორტი

0:57 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა დაკარის მეოთხე ეტაპი მოიგო, ალ-ატია ისევ ლიდერია

საუდის არაბეთის უდაბნოში მომდინარე დაკარის მარათონის მეოთხე ეტაპი, ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიგო, კლასიფიკაციაში ლიდერობას კი კატარელი მოქმედი ჩემპიონი ნასერ ალ-ატია (ბაჰრეინ რეიდ X დრაივი) ინარჩუნებს, ვინც უახლოეს მდევართან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა ფრანგმა (ბაჰრეინ რეიდ X დრაივი), 425-კილომეტრიან ეტაპზე, 13 წამით ჩამოიტოვა არანაკლებ სახელოვანი თანამემამულე, დაკარის 14-გზის ჩემპიონი სტეფან პეტერანსელი (აუდი). ლოებმა დაკარზე მე-17 ეტაპი მოიგო, თუმცა რბოლისას პრობლემები ჰქონდა.

„ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე, საჭის გამაძლიერებელი დაზიანდა. ამის გამო, ტემპის საგრძნობლად დაგდება დაგვჭირდა. მართვა ძალიან გამიჭირდა. ორჯერ დავტრიალდი კიდეც. მოხვევას გაჭირვებით ვახერხებდი“, - ყვება ლოები.

ალ-ატიამ, ვისაც დაკარი ოთხჯერ აქვს მოგებული, მეოთხე ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მესამეზე კი ესპანელი კარლოს საინსი გავიდა, ვინც წინა დღით ბევრი დრო დაკარგა. ოთხი ეტაპის შემდეგ, ალ-ატია მეორეზე მყოფ საუდელ იაზიიდ ალ რაჯის 18 წუთს და 18 წამს უგებს. მესამეზე პეტერანსელია, ვისაც დაკარზე სულ 49 ეტაპი აქვს მოგებული. ის ლიდერს 18 წუთით და 52 წამით ჩამორჩება.

რაც შეეხება ლოებს, ის ათეულს მიღმაა. ამის მიზეზი ისაა, რომ საბურავი სამჯერ დაეშვა და მეორე ეტაპზე, პრობლემების გამო, საათზე მეტი დაკარგა.

0.116936