სხვა

14:30 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დამარ ჰამლინს აშშ ამხნევებს

გუშინ NFL-ის მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ,,ბაფალო ბილსის“ სეიფთის, დამარ ჰამლინის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება და მოთამაშის გამხნევება დაიწყეს.



NFL-ის მე-16 კვირის ბოლო მატჩი ნაადრევად შეწყდა. ,,ბაფალო ბილსისა" და ,,ცინცინატი ბენგალსის" შეხვედრის პირველ პერიოდში ,,ბილსის" სეიფთის, დემარ ჰამლინს მოედანზე გული გაუჩერდა და უგონოდ დაეცა. ექიმები მას ხელოვნურ სუნთქვასა და გულის მასაჟებს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უკეთებდნენ, საბოლოოდ მისი გული აამუშავეს და ცინცინატის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამაში აღარ განეახლებინა. როგორც ირკვევა, დამარ ჰამლინის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ შემთხვევის შემდეგ, მთელს ქვეყანაში ,,ბილსის“ მე-3 ნომრის მხარდასაჭერად სხვადასხვა სპორტსმენები, თუ ორგანიზაციები არაერთი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და სხვადასხვა სახის აქტივობებს ატარებენ.

მოთამაშეს მხარი დაუჭირა NBA-ის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა. მან ლიგას გადაწყვეტილება მოუწონა, რომ შეხვედრა აღარ გააგრძელა და ახალგაზრდა სპორტსმენს ჯანმრთელობა უსურვა.

NFL-ის რამდენიმე გუნდმა სოციალური ქსელის ფოტო ჰამლინს მიუძღვნა, ზოგმა კი სხვადასხვა ღონისძიება გააუქმა.

ჰამლინის მხარდასაჭერად ლურჯად განათდა ბაფალოს მერია და ნიაგარას ჩანჩქერიც. მის შესახებ მწუხარებას სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები გამოთქვამენ. ზოგიერთმა ჰამლინის მომენტი ევროპის ჩემპიონატზე ერიქსენის მომენტსაც კი შეადარა.

დამარ ჰამლინი 24 წლის სეიფთია. იგი 2021 წელს ,,ბაფალო ბილსმა“ დრაფტის მე-6 რაუნდში აირჩია და ის მაშინვე გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა.

0.120994