საკალათბურთო “ა” ლიგის IX გათამაშება სტარტს 2023 წლის 5 იანვარს აიღებს. 9 წელია, რაც საქართველოში რანგით მეორე ლიგა ტარდება, საიდანაც გუნდებს, წარმატების შემთხვევაში, შანსი აქვთ, სუპერლიგაში გადავიდნენ. ტრადიციულად, “ა” ლიგაში 6 მონაწილეა, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან.
სწორედ გამარჯვებულს ერგება სუპერლიგის საგზური, ხოლო “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდს უმაღლესში გადასვლის შანსი რჩება – საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს ხვდება და წარმატების შემთხვევაში სუპერლიგაში მის ადგილს იკავებს.
“ა” ლიგის 6 გუნდი რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთში ორ წრეს ითამაშებს და 10 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგიდან გავარდება და მის ადგილს სტუდენტური ლიგის გამარჯვებული დაიკავებს, ხოლო მე-5 ადგილზე გასულს “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება მომავალი სეზონის წინ, საკვალიფიკაციო რაუნდში მოუწევს.
წელს ის შემთხვევაა, რომ “ა” ლიგას ახალი წევრი ჰყავს. წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული ზესტაფონის მარგვეთის ადგილი გორის ივერიონმა დაიკავა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე თელავის ბურჯს, შემდეგ კი მარგვეთს აჯობა და პროფესიულ ლიგაში ადგილი მოიპოვა, საიდანაც სუპერლიგაში ანაცვლებას ეცდება, თუმცა საამისოდ გორელებს უკვე სოლიდური კონკურენტები ეყოლებათ “ა” ლიგის მონაწილეების – დინამოს, ტყიბულის ორბის, ასტრალის, გთუნის და აწსუ-ს (ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი) სახით.
GBF.GE