ფეხბურთი

21:36 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა "ვალენსია" 6-ჯერ გადაარჩინა, მაგრამ წაგებისგან ვერ იხსნა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალთან“ 1:2 დამარცხდა და 2022 წელი წარუმატებლად დაასრულა.

ქართველმა მეკარემ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და საკუთარი გუნდი 6-ჯერ გადაარჩინა, თუმცა 88-ე წუთზე გაშვებულ გოლში გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ვალენსია“ 21-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ედინსონ კავანიმ ითამაშა შესანიშნავად და პეპე რეინას შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, მანამდეც ორივე გუნდმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა და გოლი ლოგიკური იყო. კიკე სეტიენის გუნდმა 45-ე წუთზე გაათანაბრა, როცა სამუ ჩუკვუეზე მამარდაშვილთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა და გატანა მოახერხა.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში გიორგიმ 4 სეივი მიითვალა, განსაკუთრებით 3 მოგერიება იყო გამოსარჩევი. მეორე ნახევარშიც 22 წლის ქართველმა მეკარემ 2-ჯერ იხსნა გუნდი, მათ შორის, ჟერარ მორენოს რთული დარტყმისგან. თუმცა, 88-ე წუთზე გამოსვლაზე ვერ ითამაშა დამაჯერებლად - თანაგუნდელ მუკტარ დიახაბის დაეჯახა და ხუან ფოიტმა ცარიელ კარში თავით იოლად გაიტანა. მიუხედავად ამისა, გიორგი „ვალენსიას“ რიგებიდან საუკეთესო იყო.

Whoscored-მა მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 7.8 ქულით - ორივე შემთხვევაში ეს „ვალენსიას“ შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება იყო. მიმდინარე სეზონში გიორგიმ 15 მატჩში სამჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 17 გოლი გაუშვა.

„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა, 6 იანვარს კი „კადისს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.116326