ავსტრიელი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 32 წლის მათიას მაიერმა გამოაცხადა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, საკუთარი კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაიერმა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი წელს, პეკინის ზამთრის თამაშებზე მოიპოვა. მან სუპერ-გიგანტი მოიგო, დაშვებაში კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ჩქაროსნული დისციპლინების სპეციალისტ მაიერს, პირველი ორი ოლიმპიური ოქრო პიონჩანსა (სამხრეთ კორეა, სუპერ-გიგანტში) და სოჭში (დაშვება) აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მსოფლიო თასზე 11 გამარჯვებაც აქვს მოპოვებული.
„მიზეზი ისაა, რომ სტიმული აღარ მაქვს. ამაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი. გადავწყვიტე, გაჩერების დროა. რისკი ყოველთვის იყო ჩემი გატაცება. მაგრამ მე უკვე მივაღწიე ზღვარს“, - განაცხადა მაიერმა.