ფეხბურთი

16:59 | 31.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პელე ხარ" - ყველგან და ყველაფერში ყველაზე სასურველი ეპითეტი

ფეხბურთს აღარც ღმერთი ჰყავს და უკვე აღარც - მეფე.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, იგივე პელე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთის მეფე, როგორც მას უწოდებდნენ მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადებას ებრძოდა.

2 წლის წინ, როცა ფეხბურთის ღმერთი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა, პელემ თქვა, რომ ერთ დღესაც ფეხბურთს მასთან ერთად სამოთხეში ითამაშებდა და ახლა ამის შესაძლებლობა ექნება - ისტორიაში ორი უდიდესი ფეხბურთელი სხვა სამყაროშია.

პელე თუ მარადონა?! ეს კითხვა ყოველთვის ფეხბურთის თანმდევი იყო და იქნება. - ორი სხვადასხვა თაობის გენიოსი, რომლებმაც ფეხბურთი სხვა სიმაღლეზე აიყვანეს და მილიონობით ადამიანს სპორტის ეს სახეობა შეაყვარეს. როცა პელე ფეხბურთიდან წავიდა, მარადონას კარიერა მაშინ იწყებოდა, ამიტომაც მათი გზები საფეხბურთო მოედანზე არ გადაკვეთილა, მაგრამ მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, დიეგოს საავტორო გადაცემაში, ფეხბურთის მეფემ და ფეხბურთის ღმერთმა გულშემატკივრებს წარუშლელი და ისტორიული კადრები მაინც აჩუქეს, როდესაც ერთმანეთში „თავბურთი“ ითამაშეს.

პელემ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. მისი სიდიადე კარგად წარმოაჩინა ნეიმარმა, რომელიც თანამემამულე ლეგენდას სოციალურ ქსელში წერილით გამოემშვიდობა:

„პელემდე 10 უბრალოდ რიცხვი იყო. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო. მან ყველაფერი შეცვალა, ფეხბურთი ხელოვნებად და სანახაობად აქცია. მან ძალა მისცა ღარიბებს და შავკანიანებს. განსაკუთრებით კი ბრაზილიის ცნობადობა გაზარდა. ფეხბურთმა და ბრაზილიამ მეფის წყალობით აიმაღლეს სტატუსი. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩება. პელე მარადიულია!“

ბრაზილიელმა უკვდავი ისტორიის წერა 17 წლის ასაკში, 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო, როდესაც ყველა აალაპარაკა და ყველა მიხვდა, რომ საქმე ფეხბურთის გენიოსთან ჰქონდათ. ჯერ კიდევ თინეიჯერმა პელემ ფინალში, შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და ბრაზილიის პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულში უდიდესი როლი ითამაშა.

შემდეგ იყო კიდევ ორი ტრიუმფი, 1962 წელს ჩილეში და განსაკუთრებით 1970 წელს, მექსიკის მუნდიალზე, როდესაც პელეს ლიდერობით ბრაზილიის ნაკრები საყოველთაო მოსაზრებით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ფინალში „სელესაომ“ იტალიის ნაკრები 4:1 დაამარცხა და გმირი ისევ პელე იყო. მან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ 2 საგოლე პასიც გააკეთა.

პელეს კარიერას ლამაზი და დაუვიწყარი გოლები ნამდვილად არ აკლია, მაგრამ იმავე მუნდიალზე, ნახევარფინალში ურუგვაის ნაკრებთან უკვდავ გოლთან ძალიან ახლოს იყო... გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მომენტი მაინც უკვდავია, როდესაც ურუგვაის ნაკრების მეკარე ბურთთან შეხების გარეშე მოატყუა და უდიდესი საფეხბურთო ინტელექტი გამოავლინა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მან თითქმის მთელი კარიერა მშობლიურ „სანტოსში“ გაატარა, სადაც 1956-1974 წლებში ითამაშა, ხოლო კარიერის ბოლოს ამერიკაში გადაინაცვლა და „ნიუ იორკ კოსმოსის“ რიგებში გამოდიოდა. მას არასდროს უთამაშია ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ გრანდებს პელეს დამატების დიდი სურვილი ჰქონდათ. უბრალოდ, მაშინ სხვა დრო და ეპოქა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ კონტინენტზე არ უთამაშია, ეს პელეს სიდიადეს ჩრდილს არ აყენებს - ფეხბურთის მეფე მისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ.

პელემ ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, ხოლო ბრაზილიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით გაზარდა. პელემ ფეხბურთი შეცვალა და პელემ ფეხბურთი სხვა რელსებზე გადაიყვანა.

მან არა მარტო ფეხბურთი, არამედ ბრაზილიის ყოველდღიურობა და ცხოვრებაც შეცვალა. მეტწილად, სწორედ მისი დამსახურებაა ბრაზილიაში შიდა რასიზმის დამთავრება, როდესაც 17 წლის ასაკში ქვეყანას პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. თუ მანამდე ბრაზილიაში შავკანიან ადამიანებს სამსახურის შოვნაც უჭირდათ, პელეს გამოჩენამ და გმირობამ ყველაფერი შეცვალა - ქვეყანაში რასიზმი დასრულდა.

პელე ხარ - ფრაზა, რომელსაც ძალიან ხშირად მოისმენდით და კიდევ მოისმენთ - ნებისმიერ სფეროში ეს ეპითეტი ალბათ ყველაზე ფასეული და საპატიოა. ეს ნიშნავს, რომ შენს საქმეში საუკეთესო ხარ და პელე სწორედაც რომ საუკეთესო იყო.

„უნიკალური, გენიალური, ტექნიკური, კრეატიული, სრულყოფილი, შეუდარებელი. სადაც პელე მივიდა, იქ დარჩა. მწვერვალი არასდროს დაუტოვებია, ის დღეს გვტოვებს, ფეხბურთის მეფე, ყველა დროის უდიდესი. სამყარო გლოვობს. პრივილეგია იყო შენთან ერთად ყოფნა მეგობარო, შენი ნიჭი არის სკოლა, რომელიც ყველა მოთამაშემ უნდა გაიაროს, მისი მემკვიდრეობა თაობებს სცდება. მადლობა პელე, მშვიდად განისვენე“, - ასე დაემშვიდობა ფეხბურთის მეფეს ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, რონალდო.

საფეხბურთო სამყარო გლოვობს, ფეხბურთმა პელე დაკარგა, მაგრამ მისი სახელი მაინც სამუდამოდ ცოცხალი იქნება. ბრაზილიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გულშემატკივრები ლეგენდას ემშვიდობებიან.

"პელე არ კვდება, პელე არასდროს მოკვდება, პელე სამუდამოდ რჩება" - თქვა ფეხბურთის მეფემ სიცოცხლეში და მართლაც ასეა - პელე ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

თეგებიპელე
0.144095