ფეხბურთი

17:45 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ DAZN-თან: "საქართველოში ფანტასტიკური ხალხი ცხოვრობს"
"მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სკუდეტოს მოგების სჯერა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.

- მეტოქეებს თქვენი დრიბლინგების შესწავლა შეუძლიათ?

- საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ხშირად ვცდილობ ახალი რაღაცები, მოძრაობები ვისწავლო და უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე. ყველაფერი, რასაც ისინი ჩემზე შეისწავლიან, მოძველებული იქნება და მათ ეს არასდროს გამოადგებათ.

- რომელია თქვენი საყვარელი მეტსახელი?

- ყველა ძალიან კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ როცა მარადონას სახელის მცირე ნაწილი შენთან ასოცირდება, ეს პატივია და განსხვავებულ ემოციებს ქმნის, სიამაყით მავსებს. დღეს, „კვარადონა“ ნამდვილად ჩემი ფავორიტი მეტსახელია.

- ელოდით, რომ ასეთ მოკლე დროში მსგავს დამანგრეველ გავლენას მოახდენდით იტალიაში?

- ვერ გეტყვით, ველოდი თუ არა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და თუ ყველაფერი კარგად წავა, უფრო მეტიც შესაძლებელია. ყველაფერს ვაკეთებ გუნდისთვის, დანარჩენს გულშემატკივრები აფასებენ, რომლებსაც ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.

- როგორი იყო შენი პირველი დაბრუნება საქართველოში „ნაპოლის“ ფეხბურთელის რანგში?

- მინდა დავიწყო იმით, რომ საქართველოში ფეხბურთი ყველას უყვარს, ყველა ფეხბურთელს და ყველა სპორტსმენს დიდ პატივს სცემენ, ამიტომ, სიყვარულის მიღება ადვილია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრმა ქართველმა დაიწყო „ნაპოლის“ გულშემატკივრობა მას შემდეგ, რაც მე აქ ვთამაშობ. საქართველო ჩემი ქვეყანაა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში ფანტასტიკური ხალხი ცხოვრობს.

- მართალია, რომ როცა „ნაპოლი“ თამაშობს, თბილისში ყველა თამაშს უყურებს?

- დიახ, ვადასტურებ, ასე ხდება. როდესაც "ნაპოლი" თამაშობს, ამ დროს თბილისში ლოქდაუნია გამოცხადებული.

- ბავშვობაში გიფიქრიათ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდით?

- ჯერ კიდევ შორს ვარ ამ სტატუსიდან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში არ ველოდი, რომ ამ დონეზე ვიქნებოდი, რადგან ძალიან რთულია ეს იფიქრო, როცა ასეთი პატარა ქვეყნიდან ხარ. ჩემი ოცნება იყო ტოპკლუბში თამაში, როგორიც „ნაპოლია“, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი ბევრი მიზნის მისაღწევად.

- „ლივერპულის“ წინააღმდეგ ევროპას აჩვენეთ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი ხართ...

- როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაში „ლივერპულთან“ იქნება, ეს ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა და მოტივაციას გმატებს, რადგან ისტორიულ სტადიონზე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ უნდა ითამაშო. თუმცა, როდესაც მოედანზე ვარ, ყველა მატჩში მაქსიმუმს ვაკეთებ, მიუხედავად მეტოქეთა მაისურზე დაწერილი სახელებისა და მათი კარიერისა. რა თქმა უნდა, პატივია ასეთ ცნობილ და ძლიერ ფეხბურთელებთან დაპირისპირება, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერთან შეგვიძლია თანაბარ დონეზე თამაში.

- ყველაზე ძლიერი მცველი, ვისთანაც გითამაშიათ?

- არ შემიძლია ერთი დავასახელო, მაგრამ ყოველთვის ძალიან რთულია ვარჯიშებზე დი ლორენცოსთან თამაში, ის მართლაც შესანიშნავი მცველია, ძალიან ძლიერი და დიდებული ფეხბურთელი.

- კრიშტიანუ გირჩევნიათ თუ მესი?

- 7 არის ჩემი საყვარელი ნომერი, როგორც კრიშტიანუს და 77 ნომერიც ამიტომ ავირჩიე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მათი შედარება რთულია, რადგან ნამდვილად ვაფასებ რონალდუს, რადგან ამდენი წლის განმავლობაში მესისნაირი კონკურენტი გყავდა და თითქმის ყოველთვის ერთ დონეზე იდგა, რაც ძალიან რთულია. ამიტომ არის რონალდუ ჩემი კუმირი. რა თქმა უნდა, მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ყოველთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება.

- ვინ იყო თქვენი ინსპირაცია?

- მამაჩემი ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, ფეხბურთის სიყვარული მან გადმომცა. მაგრამ ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობდი, რომ ეს მომწონდა, სახალისო იყო მთელი დღე ქუჩაში მეგობრებთან ერთად თამაში. როცა პატარა ვიყავი, ჩემი ფავორიტი გუტი იყო, ყოველთვის ვუყურებდი და მომწონდა მისი თამაში, უკვე დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როცა მისი გულშემატკივრობა დავიწყე, ცოტა ხანში კარიერა დაასრულა. გუტის შემდეგ ჩემი რჩეული რონალდუ გახდა.

- მართალია, რომ „დინამო თბილისში“ „ბარსელონას“ მწვრთნელებმა დანერგეს მუშაობის მეთოდები?

- დიახ, პატარა რომ ვიყავი აკადემიაში ესპანელი მწვრთნელები მოვიდნენ, რომელთა წყალობითაც ბევრი ახალი რაღაც ვისწავლეთ. ახლაც, „დინამო თბილისის“ აკადემია მოწინავეა. მათგან ბევრი ვისწავლეთ ტექნიკურად, ტაქტიკურად და მოტივაციის დონეზე, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ჩვენთვის ბევრი გააკეთეს.

- საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა (შოთა არველაძე - რედ) თქვა, რომ თქვენი უმცროსი ძმა უფრო ნიჭიერია. ეს სიმართლეა?

- დიახ, დიახ, მართალია. თუმცა, მან ჯერ ყველაფერი უნდა დაამტკიცოს, ჯერ კიდევ ბევრი იმუშაოს და ივარჯიშოს. ყველანაირი უნარი აქვს, რომ ჩემზე ძლიერი გახდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.

- რა პოზიციაზე თამაშობს?

- ჩემსავით მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მარჯვნივ და თავდამსხმელადაც თამაში შეუძლია.

- სპალეტი ხანდახან გსაყვედურობდათ, რომ პასს არ აძლევდით თანაგუნდელებს და ზედმეტად ინარჩუნებდით მას. ეს ასპექტი უნდა გამოასწოროთ?

- რა თქმა უნდა, თუ მწვრთნელი რაღაცას გეტყვის, უნდა იმუშაო, ეს მისი ფუნქციაა და ყველა ფეხბურთელმა მწვრთნელებისგან უნდა ისწავლონ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?

- ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სხვა ფეხბურთელებთანაც ასეთივე ურთიერთობა აქვს. ის ძალიან ღია ადამიანია.

- ვინ არის ფეხბურთელი, რომელთანაც გუნდში ყველაზე ახლო ურთიერთობა გაქვთ?

- კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ, ყველანი კარგი ბიჭები არიან, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველა ფეხბურთელს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, თითქოს დიდი ოჯახი ვართ. ყველამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ადაპტაციაში, გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და არ ველოდი, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

- მოედანზე ყველაზე მეტად რომელი ფინტი მოგწონთ?

- სიტუაციაზეა დამოკიდებული, ყოველი მომენტი განსხვავებულია და კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ.

- თუმცა, ხშირად მეტოქეს ბურთს ფეხებშორის უძვრენთ. ბავშვობაში ისწავლეთ?

- არა, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ვარჯიშზე ისწავლო. თუ ხვდები, რომ ამის გაკეთება მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია და ამის საშუალება არსებობს, მაშინ, დიახ, ვცდილობ ასე ვითამაშო. თუმცა, ვიმეორებ, ეს მომენტზეა დამოკიდებული, მაგრამ ამაზე არასდროს მივარჯიშია.

- რა იფიქრეთ, როცა თქვენით „ნაპოლი“ დაინტერესდა?

- „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით 2 წელი. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი დიდი გუნდი ჩემით დაინტერესდა. ერთი სული მქონდა „ნაპოლის“ მაისური ჩამეცვა.

- იმ დროს სხვა იტალიური გუნდებიც გაკვირდებოდნენ?

- ზუსტად არ ვიცი, დროდადრო იყო სხვა გუნდების ინტერესიც, მაგრამ „ნაპოლიდან“ შეთავაზების მიღების შემდეგ სხვა გუნდებზე არ მიფიქრა. „ნაპოლიში“ თამაში მინდოდა.

- რატომ გინდოდათ სწორედ „ნაპოლიში“ თამაში?

- პირველ რიგში გუნდის გამო, რადგან აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. როცა მათ მატჩებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ამ ტიპის თამაშთან ადაპტირება შესანიშნავად შემეძლო. ძალიან მომწონდა მათი თამაში და ასეც მოხდა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეც „ნაპოლის“ ფეხბურთელი ვარ.

- რას ფიქრობთ ქალაქზე?

- ნეაპოლი გასაოცარი ქალაქია თავისი სილამაზით და ნეაპოლელებიც განსაკუთრებული ხალხია. ეს ქალაქი ფეხბურთის სიყვარულით ცხოვრობს, ნეაპოლში ფეხბურთი ყველამ იცის! როცა მოთამაშე ხარ, მოტივაციაა მთელი ქალაქის მხარდაჭერა და სიყვარულის გადმოცემა. ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულია.

- სპალეტიმ თქვა, რომ მორცხვი ხართ?

- არ ვიცი, არ მგონია, რომ მორცხვი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.

- სტეფ კარის სტილში ისევ აღნიშნავთ გოლს?

- ეს ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, წინასწარ არ ვიცი, რას გავაკეთებ გოლის შემდეგ.

- ვინ არის ფეხბურთის სტეფ კარი?

- კრიშტიანუ რონალდუ.

- ახლაც?

- დიახ.

- მბაპე, არა?

- არა, მთელი ბავშვობა კრიშტიანუ რონალდუს ვუყურებდი და ახლაც ვაგრძელებ. სანამ ის ფეხბურთშია, ასე იქნება.

- რას ნიშნავს გოლის აღნიშვნის თქვენეული სტილი?

- ეს მხოლოდ ჩემი საცოლის სახელის პირველი ასოა.

- ცრურწმენაა?

- არა.

- სკუდეტოზე ფიქრობთ?

- ჯერ ბევრი დრო გვაქვს წინ და ბევრი თამაში უნდა ჩავატაროთ. ჩვენთვის ყველა თამაში ფუნდამენტურია და ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

- გჯერათ, რომ მოიგებთ სკუდეტოს?

- რა თქმა უნდა! ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივართ, ამას გამარჯვებისთვის ვაკეთებთ და დრო გვიჩვენებს რა მოხდება.

- იტალიურად ან ნეაპოლიტანურად რამე ისწავლეთ?

- რაღაცები ვისწავლე, ნელ-ნელა ვსწავლობ იტალიურს.

- საყვარელი სიტყვა იტალიურად?

- Forza „ნაპოლი“.

- საყვარელი იტალიური კერძი?

- პასტა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში 17 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. იტალიის ჩემპიონატი კი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება.

0.116732