ინდოეთის სპორტის მინისტრმა, ანურაგ თაკურმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2036 წლისთვის ოლიმპიადის მასპინძლობას აპირებს და მასპინძელი ქალაქი სავარაუდოდ, აჰმედაბადი იქნება.
სპორტის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ 1982 წელს უკვე უმასპინძლა აზიის თამაშებს, 2010 წელს კი თანამეგობრობის თამაშებს, ასე რომ, მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ოლიმპიური თამაშები იქნება.
,,დიახ, ინდოეთი ნამდვილად აპირებს 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობას. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ უარი ვთქვათ. თუ ინდოეთი ამდენს აკეთებს, რომ სპორტის პოპულარიზაციას მოახდინოს, გარწმუნებთ, რომ ოლიმპიადის ჩატარებას დიდი სერიოზულობით მოვეკიდებით" - განაცხადა თაკურმა.
ინდოეთის მცდელობა ძალიან შორი პერსპექტივაა, რადგან, იქამდე 3 ოლიმპიადაა ზაფხულში გასამართი. 2024 წელს ზაფხულის ოლიმპიადას პარიზი უმასპინძლებს, 2028 წელს ლოს ანჯელესი, 2032-ში კი ბრისბეინი.