კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ ,,ალ ნასრის" გარშემო კიდევ ერთი ინფორმაცია გაჩნდა. არაბული კლუბი ნგოლო კანტეს შეძენასაც გეგმავს.
პორტუგალიელი ვარსკვლავისა და ,,ალ ნასრის" საგა თითქმის მთელი თვეა გრძელდება და როგორც ჩანს, ამ საგაში ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი, ნგოლო კანტეც ჩაითრიეს. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ,,ალ ნასრი" აპირებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ,,ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიმატოს.
ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კანტეს გადაბირებას კატალონიური ,,ბარსელონაც" აქტიურად ცდილობს. მიმდინარე სეზონში კანტეს ხშირი ტრავმიანობა აწუხებს და ამის გამო მან კატარის მუნდიალზეც ვერ შეძლო გამგზავრება.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს, ესპანური MARCA-ს ბოლო ინფორმაციით, ის არაბულ კლუბთან 2030 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. პირველი 2.5 წლის განმავლობაში ის ფეხბურთელის სტატუსით იქნება და 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, დანარჩენი წლები კი ის 2030 წელს გასამართი მუნდიალის ელჩი იქნება, რომლის მასპინძლობასაც საუდის არაბეთი ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად გეგმავს.