მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი დარწმუნებულია, რომ ავსტრალიის ღია პირველობისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება და მუცლის კუნთის ტრავმა, რომლის გამოც, სეზონისწინა სავარჯიშო პროგრამის შეკვეცა დასჭირდა, აღარ შეაწუხებს.
19 წლის ჩოგბურთელმა, მუცლის პრესის მარცხენა ნაწილში, კუნთის ტრავმა სეზონის ბოლოს მიიღო და ამის გამო, ATP-ს ფინალში და დევისის თასის ფინალში ვერ ითამაშა. უფრო მეტიც, სრული დატვირთვით ვარჯიში მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო.
ალკარასმა ახლახანს აბუ დაბიში, „მუბადალას“ მსოფლიო ჩოგბურთის ჩემპიონატზე ითამაშა და ორი შეხვედრა (ანდრეი რუბლევთან და კასპერ რუუდთან) წააგო. მისთვის ამ ორ თამაშს ვარჯიშის დანიშნულება ჰქონდა. ესპანელი ამბობს, რომ საკმარისი დრო აქვს მელბურნისთვის მოსამზადებლად.
„ახლა მთავარი ისაა, რომ ბევრი ვივარჯიშო. კორტზე ბევრი საათი უნდა გავატარო. ეს დამეხმარება იმაში, რომ სეზონის დაწყებამდე საუკეთესო ფორმაში შევიდე. ავსტრალიის ღიამდე ერთი თვე მაქვს. ახლა ვარჯიშს გავაგრძელებ და მელბურნისთვის ასი პროცენტით მზად ვიქნები“, - ამბობს ალკარასი, ვინც ავსტრალიაში აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონის რანგში იასპარეზებს.
ესპანელი თინეიჯერი, ვინც ATP-ს ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანია, ავსტრალიის ღია პირველობამდე ოფიციალურ ტურნირებზე არ ითამაშებს. მხოლოდ კოოიონგის საჩვენებელ ტურნირზე გამოვა, რომელიც მელბურნშივე, ავსტრალიის ღია პირველიბის წინა დღეებში გაიმართება.