„ვალენსიას“ ყოფილმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ესპანურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, თავიდან ბევრი კრიტიკა შეხვდა იმიტომ, რომ მამარდაშვილს ენდობოდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გიორგის დიდი მომავალი აქვს.
„გიორგის სათამაშო დრო რომ მივეცი, ძალიან ბევრი კრიტიკა მივიღე. შევამჩნიე ძალიან სწრაფი მოთამაშე თავის გაბარიტებთან შედარებით და სეივების უნარი. პირველი, რაც მეკარემ უნდა გააკეთოს სეივია. სილესენს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და გიორგი პირველ მატჩებში საკმაოდ კარგი იყო. შემდეგ რთული მომენტი დადგა „რეალსა“ და „სევილიასთან“. დიდი ყურადღება გამახვილდა მის შეცდომებზე, რასაც არ ვეთანხმებოდი, თუმცა მამარდაშვილზე ამ კრიტიკამ იმოქმედა, ემოციურ დონეზე კარგად არ იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა დავინახეთ, რომ მომწიფდა, უკეთესად დაბრუნდა. ის არის მეკარე, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, ისევე, როგორც ხაუმე და სილესენი. გიორგი შესანიშნავი მეკარეა და დიდი მომავალი აქვს“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ ხოსე ბორდალასი „ვალენსიას“ 2021-2022 წლების სეზონში წვრთნიდა და გუნდი ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. სწორედ ბორდალასის ხელმძღვანელობით იქცა მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარ მეკარედ.