ტესტების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) ინფორმაციით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩინელ ძალოსან ლიუ სიაოძუნს წინასწარი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რადგან მის სინჯში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოჩნდა.
ლიუს არასაშეჯიბრო ტესტი 30 ოქტომბერს ჩაუტარდა. მის სინჯში ჰორმონ ერითროპოიეტინის კვალი აღმოჩნდა. ტესტი ITA-მ ჩაატარა, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) დოპინგ-საწინააღმდეგო პროგრამას უძღვება.
38 წლის ლიუმ მესამე ოლიმპიური ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა და გახდა ყველაზე ხნიერი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში.
ლიუ ამბობს, რომ ტესტის შედეგით შოკირებულია და რომ აკრძალული პრეპარატები არასდროს გამოუყენებია: „არანაირი მიზეზი არ მქონია იმისთვის, რომელიმე აკრძალული პრეპარატი, ან მეთოდი, ჩემი კარიერის მიწურულს გამომეყენებინა. შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რათა გამოძიებას ხელი შევუწყო და გავიგო რეალური მიზეზი იმისა, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. მზად ვარ, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო“, - ამბობს ლიუ, ვინც პირველი ორი ოქრო 77 კილოგრამ წონაში, ლონდონის (2012 წელი) და რიოს (2018 წელს) ოლიმპიადებზე მოიპოვა.