პოლონელმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის გოლზე (რითაც არგენტინა 3:2 დაწინაურდა) ისაუბრა და ფრანგების პრეტენზიებს უპასუხა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
გამოცდილი არბიტრის განცხადებით, გოლი სამართლიანად ჩათვალა და ფრანგების საპასუხოდ, ჟურნალისტებს ტელეფონით ფოტოც უჩვენა.
„მესის გოლი სამართლიანად ჩაითვალა. კადრებს რომ გადავხედე, მოედანზე ორი სათადარიგო არგენტინელი იყო. თუმცა, მე გეკითხებით: რა ზეგავლენა მოახდინეს მათ გოლზე? არანაირი! ფრანგებს კი ეს ფოტო არ წარმოუდგენიათ (მარჩინიაკმა ჟურნალისტებს ტელეფონით ფოტო აჩვენა - რედ), რომელიც გვიჩვენებს, რომ საფრანგეთის ბოლო შეტევის დროს (კოლო მუანის დარტყმის მომენტი 123-ე წუთზე - რედ) მოედანზე 7 სათადარიგო ფრანგი მოთამაშე იყო. ცხადია, საფრანგეთს რომ გაეტანა და ანგარიში 4:3 გამხდარიყო, ყველა კმაყოფილი იქნებოდა, სწორია?
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყველაფერში ვეძებთ დასაყრდენს და ეს ჩემი აზრით არასერიოზულობაა. სამწუხაროდ, არსებობს არასერიოზული გაზეთები და ისეთებიც, რომლებიც მსგავს ინფორმაციებს აქვეყნებენ“, - თქვა მარჩინიაკმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და პენალტების სერიაში სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს, რითაც მსოფლიოს ჩემპიონები ისტორიაში მესამედ გახდნენ.