იერუსალიმის მასტერსზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს მონაგარს მეორე მედალი შესძინა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ თურქი მიჰაელ ზგანკი, სერბი ნემანია მაიდოვი და ისრაელის წარმომადგენელი გუი გურევიტჩი დაამარცხა. თუმცა, ქართველმა ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიეუსთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელიდის და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ ალექსის მატიეუსთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელ გუი გურევიტჩთან, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაუპირისპირდა, მაგრამ იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
იერუსალიმის მასტერსზე საქართველოს აქტივში თითო ოქროსა (ტატო გრიგალაშვილი) და ბრინჯაოს მედალია (ლუკა მაისურაძე).