ფეხბურთი

2:40 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ჯილარდინოს "ჯენოას" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „ჯენოას“ დაუკავშირეს. იტალიური მედია წერს, რომ გენუური გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს და მათი ინტერესის სფეროში 22 წლის ქართველი მოხვდა.

მიქაუტაძემ „მეცთან“ კონტრაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ გენუელები მზად არიან ფრანგულ კლუბს მის სანაცვლოდ ფული გადაუხადონ. როგორც იტალიური პრესა წერს, „ჯენოას“ მიქაუტაძის შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

„ჯენოა“ ისტორიული იტალიური კლუბია, მაგრამ ამჟამად სერია B-ში თამაშობს, სადაც მესამე ადგილზეა. გენუური კლუბის მთავარი მწვრთნელი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ალბერტო ჯილარდინოა.

გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.111208