კალათბურთი

12:30 | 21.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: ევრობასკეტისთვის 4 წელი ვემზადებოდი და მისი გამოტოვება ძალიან რთული იყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც ერთი პერიოდი ,,ბასკონიაში" თამაშობდა, ესპანურ გამოცემა noticias de Alava-ს ,,ვირტუს ბოლონიასა" და ,,ბასკონიას" შორის გასამართი მატჩის წინ საინტერესო თემებზე ესაუბრა.



,,ვირტუსში" ერთი მხრივ საქმეები კარგად მიმდის, მეორე მხრივ კი არც ისე კარგად. აქ ბედნიერი ვარ, რადგან კლუბიც მომწონს და ქალაქიც და თავსაც ძალიან კომფორტულად ვგრძობ, როგორც თანაგუნდელებთან, ასევე მთავარ მწვრთნელ სერჟიო სკარიოლოსთანაც. სამწუხაროდ, ტრავმებმა ძალიან შემაწუხა და ამის გამო გაბრაზებული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ტემპს ვკრეფ და უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ შემიძლია გუნდს დავეხმარო."

,,ის ტრავმა, რომელიც მხარზე მივიღე და რომელმაც ევრობასკეტი გამომატოვებინა, აღარ მაწუხებს. ბოლოს კოჭი მქონდა დაზიანებული და ამის გამო რამდენიმე კვირა თამაშს ვერ ვახერხებდი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ბოლო მატჩებში 100%-ით დახარჯვის საშუალებას არ მაძლევდა, თუმცა ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ."

,,ევრობასკეტის გამოტოვება ძალიან რთული იყო. ბოლო 4 წელი ამისთვის ვემზადებოდი, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც გავიგე, რომ ტურნირს საქართველო უმასპინძლებდა და ეს ტრავმა ძალიან დიდი დარტყმა იყო. ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარე."

,,ყოფილ გუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. ბოლოს, როდესაც ,,ცეესკას" მაისურით იქ ჩავედი, გულშემატკივრებმა ჩემს მისამართით დიდი სიყვარული გამოხატეს და როდესაც შესაძლებლობა მექნება, მე მათ მადლობას აუცილებლად გადავუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემი იქ ყოფნის 6 წლის განმავლობაში მიცხადებდნენ."

,,ძველი თანაგუნდელების ნახვა ძალიან მახარებს. რაც მთავარია ვხედავ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ძირითად გუნდში ნელ-ნელა ჩნდებიან. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, რამდენიმე ახალგზარდა მწვრთნელის ნდობას ნელ-ნელა იპოვებდა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ მათ თამაშს ასეთ მაღალ დონეზე რომ ვხედავ."

,,ბასკონიას" წინააღმდეგ ჩვენი მთავარი მიზანი 40 წუთის განმავლობაში ყურადღებით ყოფნა იქნება. მათ ამ სეზონში აჩვენეს, რომ უყურადღებობის შემთხვევაში, ძალიან მცირე დროში 15 ქულის ჩაგდება შეუძლიათ მხოლოდ სამქულიანებიდან. თუ შეცდომებს დავუშვებთ, ისინი ამას გამოიყენებენ სწრაფი შეტევებით და სამქულიანებით, ასე რომ ამას აუცილებლად უნდა ვერიდოთ."

,,სერჯიო სკარიოლოსთან მუშაობა დიდი პრივილეგიაა. ის დიდებული მწვრთნელია და ყველა სავარჯიშო სესიაზე ჩვენ რაღაც ახალს ვსწავლობთ. მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ."

,,რუსეთისა და უკრაინის ომის დაწყება ყველასთვის რთული ამბავი იყო. არ არის კარგი საყვარელი საქმიანობის მიტოვება, რომელსაც კალათბურთი ქვია, თუმცა სპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ,,ცეესკას" დატოვება ის იყო, რაც უნდა გამეკეთებინა. შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ სხვა მოთამაშეების გადაწყვეტილებაზეც იქონია გავლენა, თუმცა იმ მომენტში მე ამაზე არ მიფიქრია. მე ჩემი ოჯახი მაღელვებდა და სხვა ფაქტორები, რომლებმაც ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიეს."

,,NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა რომ არ არის, ეს საერთოდ არ მაღელვებს. ყოველთვის მქონდა წასვლის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი შანსი არ გამოჩენილა, რომ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის სწორად მიმეჩნია. ძალიან ბედნიერი ვარ სადაც ვარ და ამაზე ზაფხულში ვიფიქრებ. თუ ეს დღე დადგება ძალიან კარგი, თუ არა და აქ ყოფნითაც ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა შენგელიამ

0.121832