სხვა

21:55 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა იტალიაში კიდევ ერთი გიგანტური სლალომი მოიგო

შვეიცარიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარკო ოდერმატმა, იტალიის ალტა ბადიაში გამართული გიგანტური სლალომის კიდევ ერთი რბოლა მოიგო. ეს მსოფლიო თასზე მისი მე-15 გამარჯვებაა.

ოდერმატი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და გიგანტურ სლალომში ლიდერია. მან 0.20 წამით აჯობა ნორვეგიელ ვეტერან ჰენრიკ კრისტოფერსენს და 0.92 წამით, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელს, სლოვენიელ ზან კრანიეცს.

„შესაძლოა, ეს ჩემ ცხოვრებაში, ყველაზე ძნელი გამარჯვებაა. რთული, მძიმე, დამღლელი. ვალ გარდენას შემდეგ, ზედიზედ ორი რბოლა, სულ კი ერთ კვირაში ოთხ რთულ ტრასაზე გამოსვლა და უამრავი მოსახვევის გავლა, ეს მართლაც დამღლელია“, - განაცხადა ოდერმატმა, ვისაც ამ სეზონში უკვე ჩატარებული ოთხი გიგანტური სლალომიდან, სამი აქვს მოგებული.

25 წლის ოდერმატმა „გრან რიზას“ ტრასაზე, პირველივე ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მეორეზე ეს უპირატესობა შეინარჩუნა. რბოლისას რამდენჯერმე სარბოლო ზოლს კინაღამ ასცდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა შეცდომის გამოსწორებას.

მამაკაც სამთო მოთხილამურეებს მომდევნო რბოლა ხუთშაბათს აქვთ. ისინი იტალიის მადონა დი კამპილიოში, სლალომის ღამის რბოლაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებს ოდერმატი, ვისაც საშობაო არდადეგები ექნება.

0.129153