ფეხბურთი

12:48 | 19.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასეა სწორი და სამართლიანი!

...ფინალის შემდეგ ალბათ უმეტესობა ძლივსოცნებაასრულებულ მესიზე ფიქრობდა; ზოგი უიშვიათესი ჰეთთრიქის შემსრულებელ და მაინც გულგადაწყვეტილ მბაპეზე; ზოგი მარტინესის მიერ დამატებით დროში ბოლო წუთზე მოგერიებულ ბურთზე; ზოგი ვიზე და ზოგიც - რაზე; მაგრამ ერთადერთი, ვინც ყველას მთელი დღის განმავლობაში შინაგანად მაინც ახსოვდა, დიეგო მარადონა იქნებოდა. გუშინ ფეხბურთის ასეულ მილიონობით ქომაგი გაიფიქრებდა - რა მოხდებოდა, ამ უდროოდ წასულ გენიოსს კიდევ ორი წელიწადიც რომ ეცოცხლა...

თუმცა, რა იცი, არგენტინის გაჩემპიონების ამბავში იქნებ სწორედაც რომ დროულად წავიდა და იმ ქვეყნიდან დაეხმარა თავის ნაკრებს (რავი, ჩვენ ხომ გვწამს იმქვეყნიური ცხოვრების და იქიდან რომ თვალს გვადევნებენ. ჰოდა, თვალს თუ გვადევნებენ, ამისთანა მატჩის ყურებაზე უარს რატომ იტყოდა ვინმე, მითუმეტეს მარადონა). აკი თქვა კიდეც დიეგომ 36 წლის წინათ ინგლისთან გოლის ხელით გატანაზე, ღმერთის ხელი იყოო და იქნებ ახლა, ამჟამად გაცილებით ახლოს მყოფმა, ზუსტად იმ წუთებში, როდესაც არგენტინას ძალიან გაუჭირდა, ჩააწყო კიდეც ღმერთთან. თუკი იმ ერთადერთთან არ ან ვერ შეძლო, მაგის მოხერხებულობის ამბავი რომ ვიცით, ფეხბურთის ღმერთს გამოჩხრეკდა სადმე (ომისა და სიყვარულის ღმერთები თუ არსებობენ, ფეხბურთის ღმერთიც ხომ უნდა იყოს თავის ადგილზე), მაგ მაკვარანცხის შემხედვარე კი, მასზე გაბრაზებას და ამნაირ მნიშვნელოვან საკითხზე მისთვის უარის თქმას აბა ვინ გაიფიქრებდა...

კარგი, შევეშვათ ზეციურ არგენტინას და დავეშვათ ყატარის მიწაზე, სადაც გუშინ, საფეხბურთო სპექტაკლს რომ ეძახიან, სწორედ ის ვიხილეთ.

საწყისი 80 წუთის განმავლობაში კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ისეთ განვითარებას, საბოლოოდ რომ შეგვრჩა. იმდენად მოულოდნელად აშკარა იყო არგენტინელთა უპირატესობა, რომ მე-80 წუთამდე (როდესაც მბაპემ პენალტით პირველი გოლი შეაგდო), მგონი, ფრანგ გულშემატკივართა უმრავლესობაც კი იმას ფიქრობდა, ანგარიშის გაბათილებას და მატჩის გადარჩენას ვინ ჩივის, დიდი სხვაობით არ წავაგოთო. თუმცა... თუმცა, გამოთქმამ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა - აქაც შეგვახსენა თავი. ფრანგებმა ორწუთიანი ქარბორბალა დაატრიალეს და მერე ისეთ იშტაზე მოვიდნენ, რომ ახლა უკვე არგენტინელები ოცნებობდნენ ძირითადი დროის მალე ჩამთავრებაზე...

აქ მატჩის განხილვას არ ვაპირებ (ისედაც ათასნაირად განიხილეს ბოლო საათების განმავლობაში), მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ზემოხსენებულმა ფეხბურთის ღმერთმა ზუსტად ისეთი სანახაობა გვაჩუქა, რომლის გამოც უყვარს სპორტის ეს სახეობა მილიარდობით ადამიანს და რომლის მსგავსიც, მსოფლიოს ჩემპიონატებზეც კი, იშვიათია (მითუმეტეს ფინალებში). მუნდიალზე დაძაბული და საინტერესო ფინალების მეტი რა გვახსოვს, მაგრამ ორივე გუნდის მხრიდან მატჩის მსვლელობის ამდენჯერ ძირეულად შეცვლა (გაჯერებული ამდენი გოლით, საინტერესო და ლამაზი მომენტით, გატანილი თუ მოგერიებული პენალტით), არ ყოფილა. იყო ერთი-ორი ფინალი, რომელიც ანგარიშიდან გამომდინარე დაძაბულობით თითქოს წააგავს, მაგრამ გუშინდელთან მაინც ვერ მივა...

მოკლედ ისეთი თამაში იყო, ობიექტური მაყურებელი ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში რომ იტყოდა, დაიმსახურაო. მაგრამ... აი, აქ იყო ერთი დიდი მაგრამ - გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო რომ გამოგეკითხა (თავის ქომაგიან-ფეხბურთელებიან-ჩინოვნიკებიანად), უდიდესი უმრავლესობა იტყოდა, რომ მესის ჩემპიონობა სურს. და ამის მოსურნეებში, დარწმუნებული ვარ, კარგა ბლომად იქნებოდნენ ბრაზილიელებიც, ინგლისელებიც (გასაგებია, ესენი ხაზგასმით რატომაც გამოვყავი), ქართველებიც (ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ მაინც) და შესაძლოა, ცოტა ფრანგიც კი. არა, ეს ფრანგები ამაზე ყვირილს არ დაიწყებდნენ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, მათაც ენდომებოდათ, რომ თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე არ დარჩენილიყო...

იმის თქმა მინდა, რომ გუშინ თითქოს მთელი პლანეტა შემზადებულ/მომართული იყო ჩემპიონის როლში მესის სანახავად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დედამიწა ამოტრიალდებოდა.

კაცმა რომ თქვას, მესიზე არანაკლებ ფეხბურთელებს (ვისთვის როგორ) - ჰოლანდიელ კრუიფსა და ვან ბასტენს; ბრაზილიელ ზიკოსა და სოკრატესს, იტალიელ ბაჯოს, აგერ მთლად „ცინცხალ“ კრიშტიანუს და ა.შ. - ვერ აღუმართავთ მსოფლიო თასი, მაგრამ დედამიწის ტრიალზე ამას გავლენა არ მოუხდენია - ის მაინც ბრუნავს!

და მაინც, ახლა სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა - თითქოს, ყატარის ცხელი და მძიმე ჰაერი მესის მატჩისშემდგომი ბედნიერების სურნელით წინასწარ იყო გაჟღენთილი...

აქ მცირე გადახვევა.

რაც თავი მახსოვს, ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. ბრაზილია, ჰოლანდია (ნიდერლანდები), ინგლისი - ძირითადად ამ თანმიმდევრობით ვქომაგობდი ამა თუ იმ ნაკრებს დიდ ტურნირებზე. რა თქმა უნდა, სათამაშო სტილით ეს გუნდები გვარიანად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ დიდ ფორუმებზე სტაბილურად ძლიერი გუნდების წარდგენასთან ერთად, მეტწილად სანახაობრივ ფეხბურთზე აქცენტირება, ამ სამეულს ჩემთვის სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევდა.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი ან არგენტინა იყო უშნო ფეხბურთის მქადაგებელი (ან კი როგორ შეიძლება ეს თქვა, კლინსმანის, ბაჯოს, ჩავის, ზიდანისა და თვით მარადონას შემხედვარე), მაგრამ ჩემთვის, სანახაობრივი სიხშირის თვალსაზრისით ასე იყო.

და მეც კი, არგენტინის ორი უდიდესი „საფეხბურთო მტრის“ (ბრაზილია-ინგლისი; და არც ნიდერლანდებზე ამოსდით ისტორიულად მზე და მთვარე) ბანაკთა წარმომადგენელი, ამ ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე, გაცილებით მეტად ვფიქრობდი მესიზე და მის ჩემპიონობაზე, ვიდრე ზემოაღნიშნულ სამ გუნდზე, როგორი რიგითობითაც არ უნდა დალაგებულიყვნენ ამ მუნდიალზე.

ჰოდა, თუკი ფეხბურთის (ფეხბურთის და არა ცალკეული გუნდის, ნაკრების ან ფეხბურთელის) ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, რაღაც მომენტში მაინც, შენი ინტერესი და გულისტკივილი გვერდზე უნდა გადადო და დედამიწაზე არსებულ სამართლიანობას შენი დასტურიც დაურთო! მსოფლიო (და არამარტო მსოფლიო ფეხბურთი) ხომ გაცილებით ლამაზი, გემრიელი და სამართლიანი იქნებოდა, მუნდიალი მაგალითად კრუიფს ან ბაჯოს რომ მოეგო... მაგრამ ასე არ მოხდა. ისედაც ბევრი უსამართლობა იყო და მოდი რა, ვიმყოფინოთ!

P.S. ფინალის შემდეგ თბილისში მოძრავი #351 ავტობუსში ორი, ასე 18-19 წლის გოგონა ამოვიდა. ერთ-ერთს ხელში A4 ფორმატის თაბახის ფურცელი ეკავა და ზედ ამოპრინტერებულ მესის ფოტოს ჯერ ჰკოცნიდა, მერე კი, გულში იხუტებდა. ეს ხდებოდა თბილისის ერთ-ერთ პატარა მონაკვეთზე. ჰოდა, გასაგებია ხო დანარჩენი?..

0.10826