საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არგენტინასთან ფინალში მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს სპორტია და მსგავსი რამ ხდება. მაკრონმა ასევე ისაუბრა კილიან მბაპესთან დიალოგზე და აღნიშნა, რომ მასავით დამწუხრებულია.
„პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ჩამოვრჩით. ასეთი ქამბექი მანამდეც მომხდარა, მაგრამ ფეხბურთში მაინც იშვიათობაა. ის, რაც მბაპემ გააკეთა, დიდებულია, თუმცა, ეს მთელი გუნდის დამსახურებაცაა.
მბაპე დიდი ფეხბურთელია და ჯერ ახალგაზრდაა, ვუთხარი, რომ მხოლოდ 24 წლისაა. ის ამ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, უკვე არის მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა კი ფინალში გავიდა. მეც ისეთივე დამწუხრებული ვარ, როგორც ის. გუნდით ძალიან ვამაყობთ. საფეხბურთო მატჩი წავაგეთ, ეს სპორტია და ხდება. იმედი მაქვს, რომ დეშამი ნაკრებში კიდევ დიდხანს დარჩება“, - თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.