სხვა

0:13 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილდე ვალ გარდენას დაშვებაშიც უსწრაფესია

ნორვეგიელი ალეკსანდრ ომოდტ კილდე, მიმდინარე სეზონში, დაშვების რბოლებში შეუდარებელია - ოთხიდან სამი რბოლა მოიგო. მესამე გამარჯვება მან იტალიის ვალ გარდენაში მოიპოვა. კილდემ ფინიშს ორ წუთსა და 02.35 წამში მიაღწია და 0.35 წამით აჯობა ფრანგ იოჰან კლერის, მესამე ადგილი იტალიელმა მატია კასემ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.42 წამით ჩამორჩა.

კლერი 41 წლისაა და მსოფლიო თასზე 2003 წლიდან ასპარეზობს, მაგრამ მოგება ჯერ არ აქვს. მან განაცხადა, რომ შედეგით გაწბილებულია და გაჩერებას ჯერ არ აპირებს, რადგან ამ სეზონისთვის კარგად არის მომზადებული. სხვათა შორის, კილდემ განაცხადა, რომ ფრანგი მასზე არანაკლებ იმსახურებდა გამარჯვებას.

„რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ მეტისმეტად ბევრი შეცდომა დავუშვი. მჯეროდა, რომ მოგება შემეძლო. მაგრამ მონსტრის (კილდეს) უკან დავრჩი“, - ღიმილით განაცხადა კლერიმ.

მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა აბსოლუტური ჩათვლის ლიდერი, შვეიცარიელი მარკო ოდერმატი. მასთან ერთად, მეშვიდე ადგილი ამერიკელმა ტრევის განონგმა გაიყო. გამარჯვებულს ორივე 0.92 წამით ჩამორჩა.

ამ რბოლის შემდეგ, ოდერმატი ისევ ლიდერია და 111 ქულას უგებს მეორეზე მყოფ კილდეს.

0.112688