ფეხბურთი

17:34 | 17.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონი: "ფეხბურთი სპორტია, მაგრამ არგენტინაში სპორტზე მეტია"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ საფრანგეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდი საუკეთესო მდგომარეობაშია და გამარჯვების იმედი აქვს.

„მბაპეს შეჩერება უფრო გუნდური სამუშაოა, ვიდრე ინდივიდუალური. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საფრანგეთს სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. მბაპე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კიდევ გააგრძელებს განვითარებას, ამაში ეჭვი არ მეპარება.

ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ისეთ ადგილას ვარ, სადაც ნებისმიერ არგენტინელს სურს ყოფნა. ძალიან ვამაყობ და აღტაცებული ვარ იმ მომენტით, რომელშიც ვართ, მშვენიერი მომენტებია, უნდა დავტკბეთ. გუნდი საუკეთესო მდგომარეობაზეა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ ბიჭების წვლილიც, რომლებიც ჩვენთან ერთად ამ ჩემპიონატზე არ არიან, ნიკო გონსალესი, ხოაკინ კორეა, მარტინეს კუარტა, ნიკო დომინგესი, პერეირა, ხუან მუსო, არავინ მინდა გამომრჩეს, ლო სელსოც. სიამოვნება უნდა მივიღოთ, ეს არის მომენტები, რომლებიც ისტორიაში დარჩება.

არგენტინის ნაკრები ყველას ეკუთვნის, ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს ამ ამსიურის ჩაცმის შანსი. ამ 4 წლის განმავლობაში სწორედ ამას ვაკეთებდით. ხვალინდელი თამაში არ არის მესის და მბაპეს დაპირისპირება. ორივეს გვაქვს საკმარისი იარაღი, რათა თამაში სხვა ფეხბურთელებმაც გადაწყვიტონ და არა მხოლოდ ამ ორმა. მარჩინიაკი? ავსტრალიასთან მან კარგად იმსაჯა. ახლა, როცა VAR-ი არსებობს, არ მგონია, რომ მსაჯმა ვინმეს ზიანი მიაყენოს.

მესის ბოლო თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე? თუ ასეა, იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებული წავა. გვინდა მოვიგოთ და თასი მოვიპოვოთ, მერე ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია სიამოვნება მივიღოთ, რადგან ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. ჩემი ემოციები ჩვენი კულტურის ნაწილია. იმ ყველაფრის, რაც არგენტინაში იგრძნობა. მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და მათ სიხარული სჭირდებათ. ფეხბურთი სპორტია, მაგრამ არგენტინაში სპორტზე მეტია.

საფრანგეთს შეუძლია ვარირება ყველა რგოლში. არ ვფიქრობთ, რომ ბურთი მხოლოდ ჩვენ გვექნება, ეს სასიკვდილო შეცდომა იქნებოდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. კრიტიკა როცა მუშაობას ვიწყებდი? ნორმალურად მიმაჩნდა და დღესაც ასე ვფიქრობ. ეს ბუნებრივია, როცა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ხარ. კრიტიკაზე არ ვარ კონცენტრირებული, მინდა საქმე ნაკრებისთვის გავაკეთო და ყველაფერი მოგვიანებით შეფასდება, მაგრამ კრიტიკა არასდროს მაწუხებდა.

არ არსებობს ერთნაირი გუნდები. საფრანგეთს თავისი თვისებები აქვს. ეს არის ფინალი, რომელშიც ნებისმიერ შეცდომას შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა და ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ. დი მარია კარგადაა, მთელი კვირა კარგად ვარჯიშობს და მატჩისთვის მზადაა. ფეხბურთელებს ველაპარაკე და მათ ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღეს. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ხვალ დაგვირგვინდება“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.116112