ლაშა ტალახაძემ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი კარიერაში ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ქართველი ძალოსანი მცირე ტრავმით ასპარეზობდა, რის გამოც ძველებურად დიდი უპირატესობა კონკურენტებთან არ ჰქონია, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა და მთავარი ოქროს მედლის გარდა (ორჭიდში), ორი მცირე ოქროს მედალიც დაისაკუთრრა (ატაცსა და აკვრაში).
ატაცში ლაშამ სამიდან ორი ცდა გამოიყენა - ჯერ 208 და შემდეგ 215 კგ დაძლია, რაც საკმარისი გამოდგა კონკრეტულ დისციპლინაში ოქროს მედლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ცდაზე 220 კგ ვერ ასწია.
აკვრაში ლაშას პირველ მისვლაზე 245 მსაჯებმა არ დაუფიქსირეს, თუმცა იგივე წონა მეორე ცდაზე დაძლია, შემდეგ კი 251 კგ-იც ასწია და აკვრაშიც ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ორჭიდში მას 466 კგ დაუგროვდა და მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა.
29 წლის ქართველი ძალოსანი 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, ასევე 6-ჯერ ევროპის ჩემპიონია, ორჯერ კი ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი ვერცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოუტანა. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ჩვენი ქვეყნის ნაკრები მოპოვებული 528 ქულით ვიცე-ჩემპიონად გამოაცხადდა და შესაბამისი თასითაც დაჯილდოვდა. ხოლო მოპოვებული 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით ნაკრებმა მესამე გუნდური ადგილი მოიპოვა.