ფეხბურთი

17:54 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვალიდ რეგრაგი: "იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ სინანულის მიზეზი არ გვაქვს"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ ხორვატიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალში მარცხით გამოწვეული იმედგაცრუების მიუხედავად, მუნდიალის გამარჯვებით და ბრინჯაოს მედლების მოპოვებით დასრულება სურთ.

წინ მნიშვნელოვანი გველის, მიუხედავად იმედგაცრუებისა, რადგან ფინალში გასვლის იმედი გვქონდა. ფიზიკურად და გონებრივად დაღლილები ვართ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ. გვინდა გამარჯვება და მოთამაშეებსაც ესმით, რომ მესამე და მეოთხე ადგილი ერთნაირი შედეგი არ არის.

ხორვატიას დიდ პატივს ვცემ, როგორც ქვეყანას, ისე გუნდს. მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავთ, მაგრამ ძალიან ნიჭიერები და ერთიანები არიან. შესანიშნავი საკლუბო ფეხბურთი, დიდებული მენტალიტეტი აქვთ. ისინი საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. მოდრიჩი წარმოუდგენელია, 37 წლისაა, შეხედეთ, როგორ თამაშობს, ერთ-ერთი საუკეთესოა.

ხორვატია შესანიშნავი გუნდია, ვიცით, რომ ძლიერები არიან. პირველ თამაშში ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ვფიქრობ პატივისცემა დავიმსახურებთ და ხვალ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ორივე გუნდს რთული თამაში ელოდება.

არ მჭირდება მოთამაშეების მოტივაცია. ყველა მატჩი და ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი ბრინჯაოს მოპოვებაა, ბოლომდე დავიხარჯებით. ხორვატიამ იცის, რომ მაროკო პატივისცემის ღირსია.

შემადგენლობა? ეს ტრავმებზე და ბოლო ვარჯიშზეა დამოკიდებული. რაც შემეძლება, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გავიყვან. კაპიტანი რომან საისი არ ითამაშებს, რადგან ტრავმა აქვს. კიდევ რამდენიმე ტრავმირებული გვყავს.

ხორვატიაც და მაროკოც იმედგაცრუებულნი არიან ნახევარფინალში წაგებით და ამის შემდეგ რთულია მესამე ადგილისთვის მატჩი. რომც მოვიგოთ, გვინდოდა ფინალში გვეთამაშა და არა ამ შეხვედრაში. არ ვიცი, მომავალი რას მოგვიტანს, მაგრამ აქ საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს და სინანულის მიზეზი არ გვაქვს.

საფრანგეთთან მსაჯის გადაწყვეტილებებით დავიჩაგრეთ, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჩვენი მეტოქის დამსახურებულ გასვლას ფინალში. თუმცა, როდესაც არსებობს მსაჯის შეცდომები, მასზე ხმამაღლა საუბარი სწორია. პენალტი რომ დაენიშნათ ფინალში გავიდოდით? დარწმუნებით თქმა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენთვის სამართლიანობა გაიმარჯვებდა.

არგენტინა-საფრანგეთი? თანაბარი თამაში იქნება. ორივე გუნდს უნდა ტიტულის მოგება, ისინი ასევე იბრძოლებენ საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო ბომბარდირისა და მწვრთნელის ჯილდოსთვის. საინტერესო მატჩს ველოდები. საფრანგეთისკენ ვიქნები, რადგან ამ ქვეყანაში გავიზარდე, მაგრამ არგენტინას პატივს ვცემ. ყველასთვის შესანიშნავი მატჩი იქნება“, - თქვა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 17 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

0.113909