ფეხბურთი

15:04 | 16.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფინალივით მე-3 ადგილისთვის მატჩი: პრესტიჟი ხორვატიისა და მაროკოსთვის

მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩი ხშირად ყველაზე უინტერესო შეხვედრათა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ მოსაზრებას არსებობის საფუძველი მართლაც აქვს.

თუმცა, ამჯერად, ალბათ სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება, რადგან მესამე ადგილი მუნდიალზე, როგორც ხორვატიისთვის, ისე მაროკოსთვის დიდებული შედეგი იქნება და ნათელია, რომ ორივე გუნდი ამ თამაშს ისე მიუდგება, როგორც ფინალს. შესაბამისად, კარგი მატჩის მოლოდინია.

ხორვატიის ნაკრებმა ნახევარფინალში არგენტინასთან 0:3 წააგო, მაროკომ საფრანგეთს ვერ მოუხერხა ვერაფერი - 0:2. მიუხედავად ამისა, ორივე გუნდისთვის ეს მუნდიალი ისტორიაში მაინც შევიდა, განსაკუთრებით კი მაროკოელთათვის, რომლებმაც არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაწერეს. ხორვატიის ნაკრებმა კი 1998 წლიდან დღემდე მესამედ შეძლო ნახევარფინალში გასვლა და რა თქმა უნდა, ეს ბრწყინვალე შედეგია.

მაროკოს ნაკრებს მცველები, ნაიეფ აგერდი, ნუსაირ მაზრაუი და რომან საისი დააკლდება ტრავმის გამო, ხოლო ხორვატიის ნაკრებში დეიან ლოვრენისა და მარსელო ბროზოვიჩის თამაშია საეჭვო, ხოლო იოსიპ იურანოვიჩი ნამდვილად ვერ ითამაშებს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ეს ნაკრებები ერთ ჯგუფში იყვნენ და პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ მაყურებელმა მოსაწყენი და პრაგმატული თამაში იხილა, რომელიც ნულოვანი ფრით დასრულდა, მაგრამ წესით, ამჯერად უკეთესი თამაში უნდა შედგეს, რადგან სასწორზე ბრინჯაოს მედლები, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილი და ისტორიის მორიგი ფურცლის დაწერაა.

სტატისტიკა

მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და შესაბამისად, შანსი აქვს ასევე პირველი გახდეს, რომელიც მედლებს მოიპოვებს.

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და ჯგუფიდან მეორედ გავიდა.

მაროკო აგრეთვე პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 22 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც 5 მოიგო, შვიდჯერ ფრე ითამაშა და 10 წააგო. მაროკოს ნაკრებმა ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასთან (ორჯერ), შოტლანდიასა და ბელგიასთან. მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე უკვე იმაზე მეტი თამაში მოიგო (3), ვიდრე მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში ჰქონდა მოგებული (16 მატჩიდან 2).

მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც ერთ მუნდიალზე აფრიკული ნაკრებებისთვის საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში აფრიკელებიდან ყველაზე მეტი მშრალი თამაში მუნდიალზე ნიგერიასთან ერთად სწორედ მაროკოს აქვს (7-7).

საფრანგეთთან მატჩამდე მაროკოს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელი იყო (3 მოგება, 3 ფრე), რაც აფრიკული ქვეყნებისთვის საუკეთესო სერიაა.

ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატზე აფრიკულ ნაკრებებთან არასდროს დამარცხებულა და არც გოლი გაუშვია. 2014 წელს კამერუნი 4:0 დაამარცხა, 2018 წელს ნიგერიას 2:0 აჯობა და ამ მუნდიალზე მაროკოს უგოლოდ დაუზავდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში პენალტების სერია საჭირო არასდროს გამხდარა და ერთადერთხელ გადაწყდა ყველაფერი დამატებით დროში (1986 წელს, საფრანგეთი - ბელგია). ბოლო 10 შემთხვევაში მესამე ადგილისთვის მატჩი ევროპულმა ნაკრებმა მოიგო. ბოლო არაევროპელი მესამეადგილოსანი კი ბრაზილიაა, რომელმაც 1978 წელს იტალია 2:1 დაამარცხა.

ხორვატიამ პენალტების სერიაში მუნდიალზე 4 თამაში მოიგო და არცერთი წაუგია. მასზე მეტჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტები მხოლოდ არგენტინას აქვს მოგებული (5, წაგება - 1).

ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ თამაშობს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998). ხორვატები ახლაც ახლოს არიან მედლებთან.

ხორვატია 1998 წლიდან დღემდე მესამედაა საუკეთესო ოთხეულში.

ხორვატიის ნაკრებმა დიდ ტურნირზე (მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატი) პლეი-ოფის ბოლო 10 მატჩიდან 8-ჯერ დამატებითი დრო ითამაშა. გამონაკლისი იყო 2018 წლის მუნდიალის ფინალი და წელს, არგენტინასთან ნახევარფინალი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ასეთი შემთხვევა იყო და ყოველთვის გავიდა მომდევნო ეტაპზე, მათ შორის ოთხჯერ პენალტების სერიით.

ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 10 მატჩიდან რვაჯერ გოლი პირველმა გაუშვა. გამონაკლისი იყო მაროკოსა და ბელგიასთან თამაშები და ორივე 0:0 დასრულდა. იმ 8 თამაშიდან კი, რომელშიც გოლი პირველმა გაუშვა, მხოლოდ ორი წააგო - 2018 წელს საფრანგეთთან ფინალი (2:4) და 2022 წელს არგენტინასთან ნახევარფინალი (0:3).

მაროკოს შეუძლია მერვე გუნდი, რომელიც ერთ მუნდიალზე კარს მშრალად ხუთ თამაშში შეინახავს (ნიდერლანდების 1974), იტალიის (1990), ბრაზილიის (1994), საფრანგეთის (1998), გერმანიის (2002), იტალიისა (2006) და ესპანეთის (2010) შემდეგ.

ხორვატია მესამე ადგილისთვის მატჩში მეორედ ითამაშებს. პირველად ეს 1998 წელს გააკეთა და ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. მაროკო კი შედეგის მიუხედავად, მაინც იქნება გუნდი, რომელმაც აფრიკის კონტინენტიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ისტორიაში. აფრიკულ ნაკრებს მედლები მუნდიალზე არასდროს მოუპოვებია.

ხორვატია და მაროკო ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. პირველად, 1996 წლის 11 დეკემბერს, მეფე ჰასან II-ის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში შეხვდნენ და მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ 7:6 მოიგო. მეორე დაპირისპირება კი სწორედ მიმდინარე მუნდიალზე შედგა - გუნდებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთმანეთთან თამაშით დაიწყეს და სიმბოლურია, რომ ასევე დაასრულებენ. 23 ნოემბერს, პირველ ტურში ხორვატია - მაროკოს თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

17 დეკემბერი, 19:00 საათი

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; სტანისიჩი, ლოვრენი, შუტალო, სოსა; მოდრიჩი, იაკიჩი, კოვაჩიჩი; ვლაშიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, ალ-იამიქი, დარი, ატიატ-ალა; უნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი; ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი

0.123826