საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მაროკოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდით ამაყია.
„ყველამ იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი. თუმცა, წინ ბოლო მატჩიც გველოდება. უკვე ერთი თვეა, რაც ერთად ვართ, რაც ადვილი არასდროსაა, მაგრამ ერთად ყოფნა გვიხარია.
კვირას ტიტულისთვის არგენტინასთან ვიბრძოლებთ. უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, დავაფასოთ და ვისიამოვნოთ იმით, რომ ფინალში ვართ, ხოლო ოთხ დღეში თასისთვის ვითამაშებთ და ბოლო მატჩისთვის მოვემზადებით. სიამაყეს ვგრძნობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი”, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ ითამაშებს და 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.