არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩში დანიშნულ პენალტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ დანიელე ორსატომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საპირისპირო აზრსაც ბევრი აფიქსირებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელები, გარი ნევილი და როი კინი ფიქრობენ, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო.
„პენალტი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო. ლივაკოვიჩმა ნაბიჯი მარჯვნივ გადადგა და გაჩერდა, მერე კი ალვარესი მას თვითონ დაეჯახა. რა უნდა გაეკეთებინა მეკარეს ამ სიტუაციაში? თუ ის ალვარესისკენ სვლას განაგრძობდა, მაშინ პენალტი სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ლივაკოვიჩი გაჩერდა“, - აღნიშნა ნევილმა.
„ვეთანხმები, არ ვფიქრობ, რომ ეს პენალტი იყო, მეკარე სად უნდა წასულიყო?“, - თქვა როი კინმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ხორვატია 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთისა და მაროკოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.