სხვა

1:07 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

WBA უსიკს ტიტულის დაცვას ავალებს

კრივის მსოფლიო ასოციაცია (WBA) მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს ტიტულის დაცვას ავალდებულებს. ტიტულის მოცილედ კი WBA-ის „სუპერ“ ჩემპიონი ბრიტანელი დანიელ დუბუა შეურჩია. ეს ნიშნავს, რომ უსიკის და WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) ჩემპიონ ტაისონ ფიურის შეხვედრა შეიძლება გადაიდოს.

უსიკმა WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ჩემპიონის ტიტულები ჯერ ენტონი ჯოშუას ჩამოართვა, შემდეგ კი ის მეორედაც დაამარცხა და ეს ტიტულები შეინარჩუნა. ფიურიმ კი ახლახანს დერეკ ჩისორა დაამარცხა, რის შემდგაც, პირველ რიგში მჯდარი უსიკი გამოიწვია.

ორი დაუმარცხებელი ჩემპიონის შეხვედრა, მომავალი წლის პირველ ნახევარში იყო მოსალოდნელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც WBA-მ უსიკს თავისი ტიტულის დაცვა მოსთხოვა, ფიურისთან შეხვედრა გადაიდება. უფრო მეტიც, უსიკს ასარჩევად აქვს საქმე, რადგან IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ტიტულის დაცვაც უწევს. ფედერაციამ მეტოქედ ხორვატი ფილიპ ჰრგოვიჩი შეურჩია.

აღსანიშნავია, რომ ფიურის და დუბუას ერთი პრომოუტერი, ფრენკ უორენი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, რომ უსიკის და დუბუას შეხვედრის გადადებას მიაღწიოს. მაგრამ ჰრგოვიჩთან შეხვედრის საქმე უფრო ბუნდოვანია.

0.131985