ავტოსპორტი

0:17 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსის“ შეფი ჯოსტ კაპიტო გადადგა

„უილიამსის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი და მთავარი აღმასრულებელი ჯოსტ კაპიტო თანამდებობიდან გადადგა. მან ამ თანამდებობებზე ორი წელი იმუშავა. მასთან ერთად, პოსტი დატოვა გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ფრანსუა-ქსავიე დემესონმა.

ბრიტანული გუნდი აცხადებს, რომ ორივეს შემცვლელის ვინაობას მოგვიანებით გამოაცხადებს.

„ჩვენ გვინდა, ჯოსტს მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადოთ. ის უილიამს რეისინგის გარდაქმნის მთავარი მოქმედი პირი იყო. მადლობელი ვართ იმისთვისაც, რომ თავისი წასვლა ჩვენი თხოვნით გადადო, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ FX-ის (დემესონი), მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ამბობს გუნდის მფლობელ „დორილტონ კეპიტალის“ თავმჯდომარე მეტიუ სავაჟი.

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია „დორილტონმა“ გაჭირვებაში მყოფი „უილიამსი“ 2020 წლის აგვისტოში გამოისყიდა. ბრიტაუნულ გუნდს ფორმულა 1-ში 114 რბოლა და 16 ტიტული აქვს მოგებული და მესამე ყველაზე წარმატებული საჯინიბოა. მაგრამ 2012 წლის შემდეგ, ერთი რბოლაც არ მოუგია. „უილიამსს“ ბოლო ჩემპიონი 1997 წელს ჰყავდა, როცა ტიტული კანადელმა ჟაკ ვილნევმა მოიპოვა.

გერმანელი კაპიტო გუნდის მთავარი აღმასრულებელი 2020 წლის დეკემბერში გახდა, გუნდის შეფის პოსტზე კი საიმონ რობერტსი 2021 წლის ივნისში შეცვალა. ის და დემესონი ადრე ერთად მუშაობდნენ „ფოლკსვაგენ მოტორშპორტში“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, გუნდის შეფის თანამდებობა დატოვა „ფერარის“ მატია ბინოტომ, ვისაც დიდი ალბათობით, „ალფა რომეოს“ ახლანდელი შეფი ფრედერიკ ვასერი შეცვლის.

0.112682