ფეხბურთი

15:50 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,გაგრამ" პენალტებში იმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ეროვნული ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ,,გაგრას" ფეხბურთელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.



პირველი მატჩი ,,გაგრას" 2:0 ჰქონდა მოგებული. დღევანდელი შეხვედრა ,,სპაერის" უპირატესობით დაიწყო და მატჩის 35-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ლევან პაპავას პასით ანგარიში რატი ცაწკრიალაშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმის სტარტზევე უკვე ,,გაგრას" კარებში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლევან პაპავამ ზუსტად შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადი დრო ამ ანგარიშით დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

პირველი დამატებული ტაიმის 95-ე წუთზე შეხვედრაში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, ამჯერად ,,სპაერის" კარში, რომელიც თამაზ მაქაცარიამ ზუსტად შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ,,გაგრა" დააწინაურა, თუმცა 98-ე წუთზე პაპავამ უკვე დუბლის შესრულება შეძლო და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

პენალტების სერიაში ,,სპაერის" მხრიდან თერთმეტმეტრიანი სიენდა მატენჯვამ, ,,გაგრას" მხრიდან კი ოთარ ფარულავამ ვერ გამოიყენეს. შედეგად საქმე გადამწყვეტ პენალტებამდე მივიდა, რომელშიც თორნიკე ასკურავას დარტყმული ,,გაგრას" უკრაინელმა მეკარემ, ალექსეი ვორობეიმ მოიგერია და მის გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაუნაღდა.

ამ გამარჯვებით, ,,გაგრა" ,,სამტრედიას" შეუერთდა, რომელმაც მეორე საპლეიოფო მატჩში გუშინ ,,ბოლნისი" დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში აღზევდა.


0.11423