ფეხბურთი

19:48 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემი ყველაზე დიდი ოცნება პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იყო"

კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობა იყო.

„პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, საერთაშორისო დონეზე მრავალი ტიტული მოვიგე, მათ შორის პორტუგალიისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის მსოფლიოში უმაღლეს დონეზე დაყენება, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამისთვის ვიბრძოდი. ამ ოცნებისთვის მთელი ძალით ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში, ხუთ მუნდიალზე, ყოველთვის დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელი ხალხის მხარდაჭერით, ყველაფერი გავიღე. ყველაფერი მოედანზე დავტოვე. არასდროს დავნებებულვარ და არასოდეს დამითმია ეს ოცნება.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა. ცხელ გულზე რეაგირება არ ღირს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი ვარაუდი გაკეთდა, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი წამითაც არ შეცვლილა. ყოველთვის ვიბრძოდი ყველა მიზნისთვის და არასდროს ვაქცევდი ზურგს თანაგუნდელებსა და ჩემს ქვეყანას.

ჯერჯერობით, სათქმელი ბევრი არაფერია. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს. მშვენიერი ოცნება იყო, სანამ გაგრძელდა. ახლა დროა დავფიქრდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა. ის პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს.

0.108596