სხვა

10:17 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ორლეანის გრან პრის ვერცხლის მედალოსანია

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ კარიერაში პირველად, გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. სანდრომ ამის გაკეთება ორლეანში, GRAND PRIX NUOMA 2022-ზე შეძლო.



ბაზაძემ ტურნირი ფრანგ ედერ არნისთან 15:11 გამარჯვებით დაიწყო. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე უნგრელი ნიკოლას ილიასი იყო, რომელსაც 15:9 სძლია. 1/8 ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ ჯოვანი რეპეტის დაუპირისპირდა და მეტოქე 15:10 დაამარცხა. ამის შემდეგ იყო 1/4 ფინალური დაპირისპირება, სადაც ქართველმა სამხრეთ კორეის წარმომადგენელ ბონგილ გუს 15:11 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე სანდრო ბაზაძე კარგად ნაცნობ იტალიელ მეტოქეს, ლუკა კურატოლის დაუპირისპირდა, რომელსაც იქამდე 2022 წელს ორჯერ შეხვდა. მადრიდის გრან პრის ნახევარფინალში იტალიელმა, ანტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე კი სანდრომ გაიმარჯვა და ამჯერადაც, გამარჯვებული სწორედ ქართველი მოფარიკავე აღმოჩნდა, რომელმაც კურატოლი 15:6 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც უძლიერეს უნგრელ მოფარიკავეს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ სილაგის შეხვდა.

ფინალური ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბაზაძემ და სილაგიმ დიდი ბრძოლა გამართეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება უნგრელ სპორტსმენს დარჩა, სანდრო კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ეს სანდრო ბაზაძის კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი იყო გრან პრიზე. აქამდე ქართველს კაიროსა და მონრეალში ჰქონდა ბრინჯაოს მედლები მოპოვებული.


0.108668