ფეხბურთი

22:00 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ პენალტები ისევ მოიგო და ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე სენსაციები გრძელდება და მეოთხედფინალური ეტაპიც ხმაურიანად დაიწყო - ბრაზილია ტურნირს დაემშვიდობა.

„სელესაო“ მუნდიალზე მთავარ ფავორიტად განიხილებოდა და მითუფრო ხორვატიის ნაკრებთან, რომელსაც თითქოს თაობათა ცვლა აქვს და თითქოს, მიმდინარე მუნდიალზე არ გამოიყურებოდა უნაკლო გუნდად, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში აჯობა და პირველი ნახევარფინალისტია.

თამაშში ბრაზილიის ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმის სტარტიდან მოყოლებული, როცა ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ ხორვატთა მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი შეუდარებელი იყო და მან მთლიანობაში 11 სეივი მიითვალა, რაც რეკორდია ხორვატ მეკარეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც ბრაზილიის ნაკრების უპირატესობამ შედეგი გამოიღო და 105-ე წუთზე დიდებული კომბინაცია ნეიმარის გოლით დასრულდა, რომელიც პელეს გაუთანაბრდა 77 გოლით და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

თითქოს, ეს ნიშნავდა, რომ ბრაზილიას ნახევარფინალში უნდა ეთამაშა, რადგან ხორვატია ნამდვილად არ ჰგავდა გუნდს, რომელიც მწირ დროში გოლს გაიტანდა, მაგრამ გაიტანა! 117-ე წუთზე ბრუნო პეტკოვიჩმა გაათანაბრა. ხორვატიის ნაკრებმა კარში ერთადერთხელ დაარტყა მთელი თამაშის განმავლობაში, თუმცა, შედეგიანი იყო ეს დარტყმა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც ხორვატია შეუდარებელია.

ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშა პენალტების სერია და მეოთხედ მოიგო! როდრიგოს დარტყმა დომინიკ ლივაკოვიჩმა მოიგერია, მარკინიოსმა ბურთი ძელს გაარტყა და ბრაზილიელთა ოცნება დასრულდა.

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და მესამედ გავიდა ნახევარფინალში. ზოგადად, ხორვატებს უნიკალური სტატისტიკა აქვთ მუნდიალზე - სამჯერ ჯგუფში ჩარჩა, სამჯერ კი, როცა ჯგუფიდან გავიდა, მინიმუმ ნახევარფინალამდე მივიდა! 1998 წელს მესამე ადგილი დაიკავა, 4 წლის წინ მეორე და ვნახოთ, რა შედეგს მიაღწევს ამჯერად ზლატკო დალიჩის გუნდი, რომელიც ქებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ გასული მუნდიალიდან მოყოლებული 6 საპლეი-ოფო მატჩიდან მეოთხედ პენალტებით მოიგო (ერთხელ დამატებით დროში).

ხორვატია - ბრაზილია 1:1 პენ: 4:2 (0:0)

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა (ბუდიმირი 110); კოვაჩიჩი (მაიერი 106), ბროზოვიჩი (ორშიჩი 114), მოდრიჩი; პაშალიჩი (ვლაშიჩი 72), კრამარიჩი (პეტკოვიჩი 72), პერიშიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; მილიტაო (ალექს სანდრო 106), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დანილო; პაკეტა (ფრედი 106), კაზემირო; რაფინია (ანტონი 56), ნეიმარი, ვინისიუსი (როდრიგო 64); რიშარლისონი (პედრო 84)

მწვრთნელი: ტიტე

გოლები: 0:1 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

პენალტების სერია: 1:0 ვლაშიჩი, 1:0 როდრიგო (მეკარე), 2:0 მაიერი, 2:1 კაზემირო, 3:1 მოდრიჩი, 3:2 პედრო, 4:2 ორშიჩი, 4:2 მარკინიოსი (ძელი)

გაფრთხილება: ბროზოვიჩი (31), პეტკოვიჩი (117) - დანილო (25), კაზემირო (68), მარკინიოსი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 19 (11) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

0.158572