ვეტერანმა მწვრთნელმა და ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში მომავალში ჩატარება არ გამორიცხა. როგორც მან აღნიშნა, წლევანდელმა მუნდიალმა აჩვენა, რომ ზამთარი ამ ტურნირისთვის სამუშაო ვარიანტია.
„თუ ჩვენ გვინდა ფეხბურთის დემოკრატიზაცია, მსოფლიოს ჩემპიონატების აფრიკაშიც ჩატარება გვჭირდება. თუმცა, ზაფხულში იქ თამაში კლიმატური პირობების გამო შეუძლებელია. კატარში მუნდიალით ვხედავთ, რომ ზამთარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელია და სამუშაო ვარიანტია.
დიახ, ბევრ გუნდს არ ჰქონდა დრო, რომ ფიზიკურად კარგად მომზადებულიყვნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ტურნირის ყველა მონაწილე მენტალურად უფრო მზად იყო, რაც წინა ჩემპიონატებში არ ხდებოდა. ადრე ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფსიქოლოგიურად დაღლილები იწყებდნენ, ხანგრძლივი სეზონის დასრულების გამო სათანადო მომზადებას ვერ ახერხებდნენ“, - თქვა ვენგერმა.