ფეხბურთი

15:58 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო ისტორიის წერის გაგრძელებას აპირებს, პორტუგალიას დიდი ამბიციები აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ მეოთხედფინალურ წყვილში მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მაროკო მიმდინარე მუნდიალის მთავარი აღმოჩენაა - გუნდი, რომელმაც ჯგუფში ბელგიას, ხორვატიასა და კანადას აჯობა, მერვედფინალში კი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. ვალიდ რეგრაგის გუნდისგან ამას არავინ ელოდა და ბუნებრივია, ახლა დასაკარგი არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია უკვე დაწერა.

პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ჯგუფშიც დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ მერვედფინალში ორგანიზებული შვეიცარიის დაშლა და 6:1 განადგურება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, რამაც ფერნანდუ სანტუშის გუნდი ფავორიტებში კიდევ უფრო გარია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალი ორივე გუნდისთვის საკმაოდ უცხო ხილია - მაროკო ამ ეტაპზე საერთოდ პირველადაა, ხოლო პორტუგალია მხოლოდ მესამედ და პირველად 2006 წლის შემდეგ.

პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა, რაც შვეიცარიასთან ჩატარებული მატჩიდან გამომდინარე გასაკვირი არცაა. ასე რომ, დიდი შანსია, კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ მეორედ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს. მას გონსალო რამოში შეცვლის, რომელმაც წინა შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და უნაკლოდ ითამაშა. თადარიგში ელიან ჟოაო კანსელოსაც, შესაბამისად, მარცხნივ რაფაელ გერეირო და მარჯვნივ დიოგო დალო ითამაშებს, რომლებმაც ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს შვეიცარიის წინააღმდეგ.

მაროკოს ნაკრებში ნაიეფ აგერდმა ესპანეთთან ტრავმა მიიღო, ისევე, როგორც პრობლემა შეექმნა რომან საისს, თუმცა, ორივე ცენტრალური მცველი მზადაა მცირე პრობლემების მიუხედავად მოედანზე გავიდნენ. თუ ამის მცირე შანსი ექნებათ, ისინი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. ამდენად, ცვლილებები არც მაროკოს ნაკრებშია მოსალოდნელი

სტატისტიკა

მაროკო მე-4 აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა (კამერუნის, სენეგალისა და განას შემდეგ) და შანსი აქვს პირველი გახდეს, რომელიც ნახევარფინალში ითამაშებს.

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და ჯგუფიდან მეორედ გავიდა.

მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 20 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც 4 მოიგო, შვიდჯერ ფრე ითამაშა და ცხრა წააგო. მაროკოს ნაკრებმა ოთხიდან სამი გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასთან, შოტლანდიასა და ბელგიასთან. მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე უკვე იმდენივე თამაში მოიგო (2), რამდენიც მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში ჰქონდა მოგებული (16 მატჩიდან 2).

მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც ერთ მუნდიალზე აფრიკული ნაკრებებისთვის საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში აფრიკელებიდან ყველაზე მეტი მშრალი თამაში მუნდიალზე ნიგერიას აქვს (7), ხოლო მაროკო მეორე ადგილზეა (6).

პორტუგალიისთვის ეს მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატია და საუკეთესო შედეგი სადებიუტო მუნდიალზე აჩვენა (1966 წელს), როცა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2006 წელს კი ნახევარფინალში გავიდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2010 და 2018 წლებში პორტუგალიელები მერვედფინალში დამარცხდნენ, ხოლო 1986, 2002 და 2014 წლებში ჯგუფში ჩარჩნენ.

პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპამდე ისტორიაში მხოლოდ მესამედ მივიდა. 1966 წელს ჩრდილოეთ კორეა 5:3 დაამარცხა ამ სტადიაზე, ხოლო 2006 წელს ინგლისს პენალტების სერიაში აჯობა.

კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი.

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ევროპული და აფრიკული ნაკრებები 11-ჯერ შეხვედრიან და 9 დუელი ევროპელებმა მოიგეს. გამონაკლისია 2002 წელს მერვედფინალში სენეგალის გამარჯვება დამატებით დროში შვედეთთან (2:1) და მიმდინარე მუნდიალზე მაროკოს მოგება ესპანეთთან პენალტების სერიაში.

პორტუგალია და მაროკო ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან და ორჯერვე მსოფლიოს ჩემპიონატზე. 1986 წელს, ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს ნაკრებმა მოულოდნელად 3:1 მოიგო, ხოლო 2018 წელს, ასევე ჯგუფში პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუს გოლით იმარჯვა (1:0).

სავარაუდო შემადგენლობები

10 დეკემბერი, 19:00 საათი

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, საისი, აგერდი, მაზრაუი; უნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი; ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი

პორტუგალია (4-3-1-2): დიოგო კოშტა; დალო, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო; ბერნარდო სილვა, კარვალიო, ოტავიო; ბრუნო ფერნანდეში; რამოში, ჟოაო ფელიქსი

0.118697