ბრაზილიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ბრაზილიელები? დაე იცეკვონ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მათში მუსიკა ცოცხლობს. თუმცა ყველაფერს აქვს ზომიერების ფარგლები.
პორტუგალიური კარგად ვიცი, სადაც კი მითამაშია, ყველგან ბევრი ბრაზილიელი მეგობარი მყოლია. მატჩის წინ თითქმის ყველას ვესაუბრე, ვისთანაც მომიწევს დაპირისპირება. ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გაგრძელდება თამაშის შემდეგაც.
ცხადია, ბრაზილია ფავორიტია. მათ ორი გუნდის სამყოფი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.“ - ციტირებს ლოვრენის სიტყვებს Globo Esporte.
ამჟამად ლოვრენი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობს, სადაც მასთან ერთად შვიდი ბრაზილიელი მოთამაშე ირჯება.
ბრაზილიისა და ხორვატიის მეოთხედფინალური მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.